შალვა პაპუაშვილის განცხადებით, თბილისში, Trump Tower Tbilisi-ის პროექტს განხორციელება წაახალისებს არა მხოლოდ ინვესტიციებს, არამედ, ზოგადად, უძრავი ქონების ბაზარზე ახალ სტანდარტს შემოიტანს.
მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის და მისი კომპანიის საქართველოში შემოსვლა ადასტურებს, რომ ქვეყანაში კარგი საინვესტიციო გარემოა და ის ეკონომიკურად ყველასთვის მიმზიდველია.
მან ასევე აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით ხელისუფლების ოპონენტების შეფასებებზე დასმულ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ „ოპოზიცია, ალბათ, ამერიკანიზაციას გამოაცხადებს რაიმე პრობლემად“.
„არ ვიცი, ამჯერად, ოპოზიცია, ალბათ, ამერიკანიზაციას გამოაცხადებს რაიმე პრობლემად, სინამდვილეში კი, საქმე ძალიან მარტივად არის. ბოლო პერიოდში გამოქვეყნებული სხვადასხვა მონაცემით, საქართველო არის ლიდერი ეკონომიკური განვითარების ტემპებით მსოფლიოში, არა მხოლოდ რეგიონში. მეორე მხრივ, საქართველო არის მშვიდობისა და სტაბილურობის კუნძული იმ რეგიონში, სადაც ახალი კონფლიქტები იწყება და მწვავდება. მესამე – საქართველოს მოწყობა, მისი მმართველობა არის ერთ-ერთი წარმატებული და ყველა ობიექტური საერთაშორისო კვლევა – იქნება ეს კორუფციის დაბალი დონე, კარგი მმართველობის რეიტინგები თუ სხვა, აჩვენებს, რომ საქართველო არის ლიდერი. სწორედ ამ პირობების გამო, საქართველოში არის შექმნილი კარგი საინვესტიციო გარემო და ქვეყანა ეკონომიკურად ყველასთვის მიმზიდველია. რა თქმა უნდა, ეს პროექტი ამაზე მეტყველებს, როდესაც ტრამპის კომპანია, საკუთარი სახელით, საკუთარი ბრენდით შემოდის საქართველოში, ეს ნიშნავს, რომ ის კარგად იცნობს გარემოს, რაც არის. რა თქმა უნდა, ტრამპი და მისი კომპანია უფრთხილდება რეპუტაციას, რომელიც მას აქვს დაგროვილი და სწორედ საკუთარი რეპუტაციით შემოდის ამ ბიზნესპროექტში, რაც არის მნიშვნელოვანი. თავისთავად, ეს ფაქტი უკვე სხვა ინვესტიციების მოზიდვისთვის მნიშვნელოვანია, როდესაც ასეთ ბრენდი შემოდის და ნდობას უცხადებს საქართველოს და მის შესაძლებლობებს. ეს შესაბამისად, წაახალისებს, ასევე, არა მხოლოდ ინვესტიციებს, არამედ ზოგადად, უძრავი ქონების ბაზარზე ახალ სტანდარტს შემოიტანს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, The Trump Organization-ი საქართველოში ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად Trump Tower Tbilisi-ს პროექტს განახორციელებს. ეს იქნება 70-სართულიანი მულტიფუნქციური ცათამბჯენი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მაღალი ნაგებობის სტატუსს დაიკავებს. Trump Tower Tbilisi მოიცავს როგორც მაღალი კლასის საცხოვრებელ რეზიდენციებს, ასევე სასტუმრო ფართებსა და კომერციულ ზონებს. ცათამბჯენის ლოკაციად თბილისის ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორია მოიაზრება.

