აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

შვედეთის ცნობით, ნავთობზე მაღალი ფასების მიუხედავად, რუსეთის ეკონომიკა სუსტდება – Financial Times

გამოცემა Financial Times-თან საუბრისას შვედეთის სამხედრო დაზვერვის უფროსმა განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში ომით გამოწვეული ნავთობის ფასების ზრდის მიუხედავად, რუსეთის ეკონომიკა აღდგენას ვერ ახერხებს, რის ფონზეც კრემლი მონაცემების მანიპულირებას ცდილობს, რათა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა უკეთესად წარმოაჩინოს.

შვედეთს სამხედრო დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, თომას ნილსონმა, FT-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარად რუსეთს დასჭირდება, რომ ურალის ნედლი ნავთობის ფასი ერთი წლის განმავლობაში ბარელზე $100-ის ზღვარზე მაღლა დარჩეს, ხოლო სხვა ეკონომიკურ პრობლემებთან გასამკლავებლად მნიშვნელოვნად ხანგრძლივი პერიოდი იქნება საჭირო. 

ცნობისთვის, 15 აპრილს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აღიარა, რომ რუსეთის ეკონომიკა მოსალოდნელზე უარესედაა. მისივე თქმით, ახლო აღმოსავლეთში ომის გამო ნავთობიდან გაზრდილი შემოსავლები მოკლევადიანი იქნება. 

მთავრობის სხდომაზე პუტინმა განაცხადა, რომ 2026 წლის პირველ ორ თვეში რუსეთის მშპ 1.8%-ით შემცირდა, რაც მან “სეზონურ ფაქტორებს” დააბრალა. 

თუმცა, FT-სთან ინტერვიუში ნილსონი ამბობს, რომ რუსეთს უკრაინაში თავისი ომის დაფინანსება გაუჭირდება, თუკი ირანთან აშშ-ისრაელის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შენარჩუნდება და ნავთობის ფასები დასტაბილურდება. 

“მათ სისტემური პრობლემა მაინც აქვთ. ისეთი მასალების წარმოება, რომელიც შემდეგ ბრძოლის ველზე ნადგურდება, ზრდის მდგრადი მოდელი არ არის.” – თქვა მან. 

ამასთან, შვედეთის დაზვერვის უფროსმა დაამატა, რომ რუსეთის ეკონომიკური პრობლემები თავდაცვის სექტორსაც შეეხო, რომელზეც ეკონომიკური ზრდის დიდი წილი მოდიოდა იმ ფონზე, როცა სამოქალაქო სექტორი სირთულეებს განიცდის. 

მან განმარტა, რომ კრემლმა დაფინანსება განსაკუთრებით გაზარდა უპილოტო სისტემებისა და შორი რადიუსის იარაღისკენ, თუმცა, დრონების ინდუსტრიის მიღმა რუსეთის სამხედრო ინდუსტრიული კომპლექსი დანაკარგებს განიცდის. ნილსონის თქმით, რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიაში, რომელიც სახელმწიფო ბანკებისგან მიღებულ სესხებზეა დამოკიდებული, უხვადაა კორუფცია და თანხების მითვისება.

ნილსონის ცნობით, შვედეთი ფლობს სადაზვერვო ინფორმაციას, რომელიც მიანიშნებს, რომ რუსეთი სისტემატურად მანიპულირებს მონაცემებით, რათა უკრაინის დასავლელი მოკავშირეები მოატყუოს, რომ თითქოს რუსეთის ეკონომიკამ დასავლური სანქციებისა და ომის მასშტაბური ხარჯების წნეხს გაუძლო. 

ამის მიუხედავად, Financial Times წერს, რომ კრემლის ოფიციალური მონაცემებიც რუსეთისთვის საგანგაშო სურათს ქმნის. მშპ-ს კლებასთან დაკავშირებით პუტინის განცხადების შემდეგ, რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა, ელვირა ნაბიულინამ განაცხადა, რომ “გარე ფაქტორები ახლა თითქმის მუდმივად უარესდება – როგორც ექსპორტისთვის, ისე იმპორტისთვის”.

ნილსონის აცხადებს, რომ რუსეთში რეალური ვითარება ბევრად უფრო უარესია და ცენტრალური ბანკი არასათანადოდ აფასებს ინფლაციას, რაც, მისი აზრით, ინფლაციის მაჩვენებელი საპროცენტო განაკვეთის 15%-იან მაჩვენებელთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ინფლაციის ოფიციალურ 5.86%-იან მაჩვენებელთან. 

ინტერვიუში ის ასევე ამბობს, რომ შვედეთის აზრით, რუსეთი “ნასესხები დროით” ცხოვრობს: “რუსეთის ეკონომიკას მხოლოდ ორი სცენარით შეუძლია განვითარება: გრძელვადიანი კლება ან შოკი. ნებისმიერ შემთხვევაში, ისინი ფინანსური კატასტროფისკენ დაღმასვლას გააგრძელებენ”.

იტვირთბა....