მალაიზიაში, კუნძულ ბორნეოზე ხანძარმა, სულ მცირე, 1 000 სახლი გაანადგურა, ათასობით ადამიანი იძულებული გახდა, საცხოვრებელი ტერიტორია დაეტოვებინა.
მედიის ცნობით, ხანძარი კვირას დილით საბაჰის შტატის ერთ-ერთ ზღვისპირა სოფელში გაჩნდა.
„ძლიერმა ქარმა და სახლების ერთმანეთთან სიახლოვემ ხანძრის სწრაფი გავრცელება გამოიწვია“, – განაცხადა შტატის სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსმა, ჯიმი ლაგუნგმა.
როგორც „როიტერი“ წერს, ხანძრის გავრცელებას ხელი შეუწყო იმანაც, რომ სახლები მთლიანად ხისგან იყო აგებული. ამასთან, აღნიშნული სოფელი ქვეყნის ერთ-ერთ უღარიბეს თემს წარმოადგენს, სადაც უსაფრთხოების ზომები დაცული არ იყო.
პოლიციის ცნობით, ხანძრის შედეგად 9 000-ზე მეტი მცხოვრები დაზარალდა. დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

