მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული საზღვაო გზის, ჰორმუზის სრუტის მუშაობის აღდგენის მიმართ გაჩენილი მოკლევადიანი იმედის შემდეგ, ვითარება კვლავ გაუარესდა და 24 საათზე ნაკლებ დროში მკვეთრად შეიცვალა, წერს CNN.
პარასკევს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ სრუტე სრულად გაიხსნება და აღნიშნა, რომ ირანი კოორდინაციას გაუწევს საზღვაო მარშრუტებს. თუმცა მოგვიანებით დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის მხრიდან ირანის პორტების ბლოკადა გაგრძელდება „სრული სიმძლავრით“ მანამ, სანამ ირანთან „შეთანხმება“ არ დასრულდება.
მხოლოდ ერთ დღეში ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ სრუტე კვლავ დაბლოკა, მიზეზად კი აშშ-ის მხრიდან ირანის პორტების მიმდინარე ბლოკადა დაასახელა.
„ორმუზის სრუტესთან მიახლოება შეფასდება როგორც მტერთან თანამშრომლობა და ნებისმიერი გემი, რომელიც წესებს დაარღვევს, დევნას დაექვემდებარება“, — ნათქვამია ჰუშაგთა კორპუსის განცხადებაში.
შაბათს ირანის სამხედროებმა კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ კომერციული გემებისთვის ტრანზიტი მკაცრად შეიზღუდება მანამ, სანამ აშშ-ის ბლოკადა გაგრძელდება. ამის დასტურად, ომანის სანაპიროსთან ახლოს ორი გემი დაიბომბა, ხოლო ტანკერის კაპიტნის თქმით, პირველ შეტევაზე პასუხისმგებელი ირანული კატერები იყვნენ.
თავის მხრივ, დონალდ ტრამპი ამტკიცებდა, რომ ირანთან მოლაპარაკებები ძალიან კარგად მიმდინარეობს, თუმცა აშშ შანტაჟს არ დაემორჩილება. ირანის ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ განაცხადა, რომ თეირანი განიხილავს აშშ-ის „ახალ წინადადებებს“, თუმცა პასუხი ჯერ არ გაუცია.
გარდა სრუტით ნავიგაციის საკითხისა, მხარეები კვლავ შორს არიან შეთანხმებისგან ირანის გამდიდრებული ურანის გადაცემისა და გატანის, ასევე მიმდინარე გამდიდრების პროგრამის საკითხებზე. ამასთან, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ვადა სამ დღეში ეწურება, ხოლო ტრამპმა აღნიშნა, რომ არ იცის, გაგრძელდება თუ არა ის.

