ახალი ამბები მთავარი სამართალი

„უნდა გაუქმდეს ონლაინ-ბანკები“: სესხის გამო კახეთში 24 წლის ბიჭმა თავი მოიკლა

 

რამდენიმე დღის წინ იპოთეკური სესხის გადაუხდელობისათვის, კახეთში, სოფელ ბადიაურში გამოასახლეს კიდევ ერთი გაჭირვებული ოჯახი, რის შემდეგაც 24 წლის ახალგაზრდა ბიჭმა თავი მოიკლა. ის დღეს, 26 აპრილს დაკრძალეს.

“ფოსტალიონთან” საუბარში მამისა ჯაფარაშვილი, საბანკო და სამევახშეო სისტემისისგან დაზარალებულთა კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ახალგაზრდა მამაკაცს სესხი Vivus.ge-დან ჰქონდა აღებული.

“ახალგაზრდა კაცი, რომელმაც თავი მოიკლა და დღეს მიაბარეს მიწას, ამ შემთხვევიდან რამდენიმე კვირის წინ ჩვენთან მოვიდა. მას ონლაინ სესხი ჰქონდა აღებული vivus. Ge- დან მეგობრის ოჯახისთვის. თანხა დიდი არ იყო – სულ 700 დოლარი, 1200 უკვე შეტანილი ჰქონდა, მაგრამ პროცენტით და დაგვიანებებით თანხა გაეზარდა და ყოველდღე ურეკავდნენ ონლაინ ბანკის ოფიცრები, ემუქრებოდნენ, რომ სახლ-კარს დააკარგვინებდნენ. მეგობრის ოჯახს აღარ შეეძლო მისთვის სესხის დასაფარი ფული მიეცა და კაცი საშინელ მდგომარეობაში აღმოჩნდა. წარმოიდგინეთ, ხელშეკრულებაც კი არ ჰქონდათ გაფორმებული და მაინც ატერორებდნენ. ვუთხარი, რომ დოკუმენტაცია უნდა მოეტანა და საჩივრის დაწერაში დავეხმარებოდით, მაგრამ უარი მითხრა, არაფერი აღარ მინდა, უკვე ისე ვარ, თავს მოვიკლავო. დავრეკე ონლაინ ბანკშიც, ველაპარაკე, გასაგებია, რომ პროცენტის ამოღებაც გინდათ, მაგრამ ვინ მოგცათ უფლება ადამიანები დაატეროროთ მეთქი, მაგრამ ბოლოს მაინც ტრაგიკულად დასრულდა ყველაფერი.  _ საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული? დღეს დაასაფლავეს საწყალი. არ ვიცი რომელი მუხლით აღძრეს საქმე, მაგრამ ჩვენ ასე არ დავტოვებთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სწორედ ამ მუხლით აღიძრას. უნდა დაისაჯონ ადამიანები, რომელთა მხრებზეც ამდენი ცხედარი და სისხლია. უნდა გაუქმდეს ონლაინ ბანკები და მათი პარპაში საქართველოში მოისპოს. ისინი ხალხს შიშისა და ტერორის ქვეშ ამყოფებენ. კიდევ რამდენი ადამიანი უნდა დაიღუპოს მაგათ გამო, დასასრული ხომ უნდა ჰქონდეს ამ საშინელებას?! “. – აცხადებს ჯაფარაშვილი.

იტვირთბა....