ადრე როგორც აკერმანი იყო უცხოური სპეცსამსახურების პროექტი, სწორედ ასე არის ეს ჩეხიც, რომლის მიზანია საქართველოში ანტიდემოკრატიული პროცესების ხელშეწყობა, ხელისუფლების დამხობა, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ქართველ ჟურნალისტებს სტამბოლში განუცხადა.
მას კითხვა დაუსვეს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით, „„პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის“ ერთ-ერთი ლიდერი იგორ ბლაჟევიჩი ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს უწერს“.
„ვხედავდით, რომ აშშ-ის წინა ადმინისტრაციის დროს, რაც ამერიკული წყაროებით ფინანსდებოდა და ორგანიზდებოდა ამერიკული არხებით, დღეს გადმორთულია ევროკავშირზე. თუკი ადრე იყო აკერმანი, რომელიც საქართველოში შუღლის გაღვივების, მტრობის, არეულობის ორგანიზების სცენარებს წერდა, მას შემდეგ, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ ყოველგვარი ასეთი მავნებლური დაფინანსებები შეწყვიტა და ჩახსნა, დღეს ყველაფერი არის ევროკავშირს მხრებზე, ყველა ასეთი არეულობა ევროკავშირიდან უნდა დაფინანსდეს და დაორგანიზდეს.
ცივილიზაციურ უფსკრულზე როცა ვსაუბრობთ, სწორედ ეს ფაქტიც აჩვენებს, სად მიაქანებს ბრიუსელი ევროკავშირს, როდესაც მათი ტერიტორიიდან ხდება სხვა ქვეყანაში არეულობის ორგანიზება. ამაზე მეტი სირცხვილი რა უნდა იყოს ევროკავშირისთვის, რომელიც მართლაც მშვიდობის პროექტიდან ნაბიჯ-ნაბიჯ იქცევა არეულობის, მტრობის, დაპირისპირების პროექტად. პირველ ყოვლისა, ეს არის ევროკავშირის სირცხვილი, ამ ისტორიის გამჟღავნება. ჩვენ, რა თქმა უნდა, დეტალურად ჩავეძიებით, კიდევ რასთან გვაქვს საქმე, ვინ არიან ქართული პასპორტის მქონე ის ადამიანები, რომლებიც ასე ღიად არიან ჩართული სპეცსამსახურების პროექტებში. ამ ყველაფერს, იმედია, სათანადო შუქი მოეფინება და საზოგადოება ყველას იხილავს სახელებითა და გვარებით.
როგორც ადრე აკერმანი იყო უცხოური სპეცსამსახურების პროექტი, სწორედ ასე არის ეს ჩეხი ადამიანიც უცხოური სპეცსამსახურების პროექტი, რომლის მიზანი არის საქართველოში ანტიდემოკრატიული პროცესების ხელშეწყობა, ხელისუფლების დამხობა და მარიონეტების მოყვანა ხელისუფლებაში. ასე რომ, ამ საკითხს, რა თქმა უნდა, ბოლომდე მივყვებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

