აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

რუსეთი ემუქრება ევროპულ ქვეყნებს, რომლებიც უკრაინისთვის დრონებს აწარმოებენ

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა სია, რომელშიც, უწყების მტკიცებით, მითითებულია ევროპაში არსებული უპილოტო საფრენი აპარატების საწარმოების მისამართები, საიდანაც უკრაინას დრონებს აწვდიან.

სიაში მითითებულია უკრაინული და ევროპული კომპანიების მისამართები დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, ნიდერლანდებში, დანიაში, ლატვიაში, ლიტვაში, პოლონეთში, ჩეხეთში, ესპანეთში, იტალიაში, თურქეთსა და ისრაელში, ასევე კომპანიების სახელები და დრონების სახეობები, რომლებიც იქ იწარმოება. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ 26 მარტს “რამდენიმე ევროპული ქვეყნის ხელმძღვანელობამ, რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების განსახორციელებლად,” გადაწყვიტა გაეზარდა დრონების წარმოებისა და მიწოდების მოცულობა უკრაინისთვის, რაც ევროპაში მდებარე ერთობლივი ან ლოკალიზებული უკრაინული საწარმოების დაფინანსების გაფართოებას ითვალისწინებს.

“ჩვენ ამას ვაფასებთ, როგორც განზრახ ნაბიჯს, რომელიც იწვევს სამხედრო-პოლიტიკური ვითარების მკვეთრ ესკალაციას მთელ ევროპულ კონტინენტზე და ამ ქვეყნების ეტაპობრივ გადაქცევას უკრაინის სტრატეგიულ ზურგად” – განაცხადეს უწყებაში და დაამატეს, რომ ამან შესაძლოა “არაპროგნოზირებადი შედეგები” და “ევროპის ომში ჩათრევა” გამოიწვიოს.

“ევროპის საზოგადოებამ უნდა არა მხოლოდ გაიგოს თავისი უსაფრთხოებისთვის არსებული საფრთხეების რეალური მიზეზები, არამედ იცოდეს მისამართები და მდებარეობები უკრაინული და ერთობლივი საწარმოებისა, რომლებიც მათი ქვეყნების ტერიტორიაზე უკრაინისთვის დრონებსა და მათ კომპონენტებს აწარმოებენ” – დაამატეს განცხადებაში.

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დმიტრი მედვედევმა ცალკე განაცხადა, რომ ეს მისამართები შესაძლოა რუსეთისთვის “პოტენციური სამიზნეები” გახდეს.

იტვირთბა....