დღეს, კიდევ ერთხელ, ადგილზე გავეცანით საგარეჯო-ბადიაურის ავტომაგისტრალის მშენებლობის პროცესს, კონტრაქტორ კომპანიასთან ერთად დეტალურად განვიხილეთ პროექტთან დაკავშირებული გამოწვევები, – ამის შესახებ საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ კახეთში სამუშაო ვიზიტისას განაცხადა.
„ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ხარისხთან მიმართებით ვიქნებით შეურიგებლები. ამ ეტაპზე არსებობს გარკვეული შენიშვნები, რომლებიც კომპანიამ უმოკლეს ვადაში უნდა გამოასწოროს. შესაბამისი მითითებები უკვე მიცემულია. სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს“, – აღნიშნა მინისტრმა.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, საგარეჯო-ბადიაურის 17-კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც კახეთის მაგისტრალის მნიშვნელოვანი ნაწილია, უკვე აქტიურ სამშენებლო ფაზაშია და რეგიონში გადაადგილების ხარისხობრივად გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. პროექტის ფარგლებში შენდება ოთხზოლიანი ჩქაროსნული გზა, რომელიც მოიცავს ბადიაურთან ახალ სატრანსპორტო კვანძს, ოთხ ხიდს, რვა გზაგამტარსა და 86 წყალგამტარ მილს.
„პარალელურად, მოწესრიგდება ადგილობრივი საგზაო ქსელი, რათა ახალი მაგისტრალი მაქსიმალურად ეფექტურად დაუკავშირდეს მიმდებარე გზებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მიწის ვაკისისა და საგზაო სამოსის მოწყობა, ასევე ინტენსიურად გრძელდება ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა.
ახალი გზის ერთ-ერთი მთავარი ეფექტი დასახლებების განტვირთვა იქნება – მონაკვეთი გვერდს აუვლის ხუთ მჭიდროდ დასახლებულ სოფელს: თოხლიაურს, მანავს, ჩაილურს, კაკაბეთსა და ბადიაურს. შედეგად, შემცირდება სატრანსპორტო ნაკადი სოფლების შიგნით, გაუმჯობესდება მოძრაობის უსაფრთხოება და გარემოზე ზემოქმედება.
მაგისტრალური გზის ამოქმედების შემდეგ, გადაადგილების მანძილი ორი კილომეტრით შემცირდება, მგზავრობის დრო კი თითქმის განახევრდება, ხოლო გზის გამტარუნარიანობა დაახლოებით სამჯერ გაიზრდება.
პროექტის მნიშვნელოვანი კომპონენტია ბადიაურის სატრანსპორტო კვანძის მიმდებარედ ახალი სავაჭრო სივრცის მოწყობა. თანამედროვე, უსაფრთხო და ინფრასტრუქტურულად გამართული გარემო შექმნის შესაბამის პირობებს ადგილობრივი მეწარმეებისთვის და გაზრდის მათი საქმიანობის შესაძლებლობებს. ახალი კომერციული სივრცე იქნება მარტივად ხელმისაწვდომი როგორც ადგილობრივი მეწარმეებისთვის, ისე თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საერთაშორისო მაგისტრალით მოსარგებლეებისთვის, რაც დამატებით შეუწყობს ხელს მცირე ბიზნესის განვითარებას და რეგიონის ეკონომიკურ გაძლიერებას“, – აღნიშნულია ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, ახალი მაგისტრალი სრულად იქნება შესაბამისობაში თანამედროვე საგზაო უსაფრთხოების სტანდარტებთან და აღიჭურვება განათების სისტემით.
საგარეჯო-ბადიაურის მაგისტრალური გზა მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხითა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით შენდება – პროექტის ღირებულება 276.7 მილიონ ლარს შეადგენს.
როგორც რევაზ სოხაძემ განაცხადა, ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ასევე აქტიურად აგრძელებენ მუშაობას მაგისტრალის გაგრძელებაზე, რომელიც კახეთის მეოთხე და მეხუთე ლოტებს მოიცავს. აღნიშნულ პროექტებზე ტენდერი სავარაუდოდ მიმდინარე წელს გამოცხადდება.

