იმ მოცემულობაში, როდესაც საქართველოს ტერიტორიები რუსეთის ფედერაციის მიერ არის ოკუპირებული, სარკინიგზო მიმოსვლის თუ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხებზე საუბარი ვერ იქნება – ასევე არარელევანტურია საუბარი ნეიტრალიტეტის საკითხთან დაკავშირებით, – ეს განცხადება პარლამენტში ფრაქცია „საქართველოსთვის“ პასუხად მაკა ბოჭორიშვილმა გააკეთა.
ბოჭორიშვილის თქმით, რუსეთის უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებისა და რეაგირებისთვის ყოველთვის ხდება არსებული საერთაშორისო მექანიზმების და ინსტრუმენტების გამოყენება.
„რაც შეეხება კითხვას ძალის არ გამოყენების ხელშეკრულების ხელმოწერის საკითხზე, საქართველოს პოზიცია არის მკაფიო, თანმიმდევრული და ურყევი. იგი ეფუძნება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს, მათ შორის, გაეროს წესდებასა და ჰელსინკის დასკვნით აქტს.
რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურება და შესრულება წარმოადგენს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს, რომელსაც ქართული მხარე დღის წესრიგში ყოველი რაუნდის ფარგლებში აქტიურად და თანმიმდევრულად აყენებს.
ზოგადად, საქართველოს ხელისუფლებას აქვს გაცხადებული კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პოლიტიკა, რასაც მიყვება და ახორციელებს და ამასთან, ყველაფერი კეთდება აღნიშნული საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში შენარჩუნებისთვის.
ამ კონტექსტში უნდა აღინიშნოს ისიც, რუსეთის უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებისა და რეაგირებისთვის ყოველთვის ხდება არსებული საერთაშორისო მექანიზმების და ინსტრუმენტების გამოყენება.
კონკრეტულად სოხუმის აეროპორტის საკითხზე, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას 2025 წლის 20 თებერვალს გაეგზავნა შესაბამისი ნოტა, სადაც აღნიშნულია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მთავრობის ნებართვის გარეშე განხორციელებული ფრენები უკანონოა და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით ხორციელდება.
ზოგადად, თავად ოკუპაცია არის უკანონო ქმედება, საერთაშორისო ნორმების დარღვევა და შესაბამისად ყველაფერი, რაც მის ფარგლებში ხორციელდება, ფასდება უკანონო ქმედებებად”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

