უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ს პრეზიდენტის მთელი ადმინისტრაციის ყურადღება ახლა ირანისკენ არის მიმართული.
„ისინი ხაზზე არიან ირანთან და ამიტომ დრო აღარ აქვთ უკრაინისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-სა და მოსკოვს შორის დიპლომატიური ურთიერთობა ბევრად უფრო კონსტრუქციულია, ვიდრე ევროპასთან და ამ დრომდე, რთულია ევროპული ქვეყნების ჩართვა რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებული მოლაპარაკებების პროცესში.
„ეს რთულია, მაგრამ აუცილებელია, თუმცა მე ვერ ვხედავ აშშ-სგან სიგნალს იმისა, რომ მათ ეს სურთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
რაც შეეხება ტრამპის პოზიციას უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით, ზელენსკი აცხადებს, რომ აშშ-ს პრეზიდენტი არც უკრაინის და არც რუსეთის მხარესაა.
„ის სადღაც შუაშია“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
გერმანულ გამოცემასთან საუბრისას ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინულ მხარეს ამ დრომდე არ მიუღია დასტური იმის შესახებ თუ რა თარიღებში ეწვევიან დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი კიევს.

