უნგრეთთან გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა, რაც დამყარებულია ურთიერთსასარგებლო ინტერესებზე და იმედია, ეს გაგრძელდება ახალი ხელისუფლების პირობებშიც, – ამის შესახებ ლევან მახაშვილმა პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და პეტერ მადიარსა და მის პარტიას არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
„ჩემს კოლეგებთან ერთად, გვქონდა შესაძლებლობა, მიგვეღო მონაწილეობა სადამკვირვებლო პროცესში, როგორც ბუდაპეშტში, ასევე რეგიონებში, მათ შორის ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში. არჩევნებმა ჩაიარა მშვიდ გარემოში, იყო კონკურენტული პროცესი და უნგრეთს არჩეული ჰყავს ხელისუფლება. ვისაც აქვს ამის ინტერესი, შეგიძლიათ, ეუთო/ოდირის პირველად დასკვნასაც გაეცნოთ, სადაც აღნიშნულია ყველა დეტალი როგორც დადებით, ისე უარყოფით მხარეებთან დაკავშირებით“, – აღნიშნა მახაშვილმა.
ამასთან, მახაშვილის თქმით, უნგრეთში არჩევნების შედეგები მიიღო როგორც გამარჯვებულმა, ისე დამარცხებულმა.
„ნორმალურ ქვეყნებში სწორად ასე ხდება, რომ დამარცხებული აღიარებს შედეგებს, წლების განმავლობაში ბოიკოტს არ უცხადებს პარლამენტს და ქვეყანას არ აჯანჯღარებს საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესების გამო. ისეთი წყალწაღებული და პოლიტიკურად გაკოტრებული აღმოჩნდა ჩვენი ადგილობრივი ოპოზიცია, რომ ამ შემთხვევაშიც კი, საათსა და ორბანის წაგებაში ეძებდა სიხარულის მიზეზს თუ შვებას, თითქოს ბუდაპეშტში მიღებული ეს შედეგი თბილისში მათ რაიმე პოლიტიკურ არსებობას, სუნთქვას ხელოვნურად შეუნარჩუნებდა. თუმცა, მომავალმა პრემიერმა პირველივე პრესკონფერენციაზე ეს ილუზიები დაუმსხვრია და მათ იმედებს გადაასხა ცივი წყალი, როდესაც განაცხადა, რომ გააგრძელებს საქართველოსთან თანამშრომლობას, მეგობრობას. მისი ინტერესი არ არის სხვა ქვეყნის შიდა პროცესებში ჩარევა და მზად არის, თუნდაც თბილისში ვიზიტისთვის. უკვე მერამდენედ, ჩვენმა ოპოზიციამ ჯერ „ჰოპლა“ დაიძახა და შემდეგ გადახტა, უკვე მერამდენედ, ისეთი პოზიციები დაიკავეს, რომელიც, სამწუხაროდ, არ ჯდება ჩვენი მოსახლეობის ინტერესებში.
ვიდრე ჩვენი ოპონენტები სხვის არჩევნებს ზეიმობენ, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვმუშაობთ საქართველოს უსაფრთხოებაზე, ეკონომიკური კავშირების გაფართოებაზე და პარტნიორებთან ურთიერთობების გაღრმავებაზე. უნგრეთს რაც შეეხება, ჩვენ გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა, რაც ურთიერთსასარგებლო ინტერესებზეა დამყარებული და იმედია, გაგრძელდება ახალი ხელისუფლების პირობებშიც. ის განცხადებები, რაც მოვისმინეთ პირველივე პრესკონფერენციაზე, გვაძლევს იმედს, რომ ჩვენ შევძლებთ, საერთო ინტერესების საფუძველზე, ურთიერთობების, ამ მეგობრობის, სტრატეგიული პარტნიორობის გაგრძელებას, რომელიც გვქონდა ამ პერიოდის განმავლობაში“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

