13 აპრილს პაპმა ლეო XIV-მ გამოცემა Reuters-ს განუცხადა, რომ ის ომის წინააღმდეგ სიტყვით გამოსვლას გააგრძელებს მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ლეო XIV მწვავედ გააკრიტიკა და განაცხადა, მას “არ მოსწონს პაპი, რომლისთვისაც ბირთვული ირანი მისაღებია”.
ალჟირში ჩასვლამდე პონტიფექსმა თვითმფრინავის ბორტზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ქრისტიანული სწავლების “ბოროტად გამოყენება” ხდება.
ტრამპთან დაკავშირებით პაპმა თქვა, რომ მას აშშ-ს პრეზიდენტთან “დებატებში შესვლა არ სურს”.
“არ მგონია, რომ სახარების სწავლება ბოროტად უნდა გამოიყენებოდეს ისე, როგორც ამას ზოგიერთი აკეთებს.” – დაამატა მან.
“მე გავაგრძელებ ომის წინააღმდეგ ხმამაღლა გამოსვლას, მშვიდობის ხელშეწყობის მცდელობას, სახელმწიფოებს შორის დიალოგისა და მრავალმხრივი ურთიერთობების წახალისებას, რათა პრობლემების სამართლიანი გზით გადაჭრა გამოვნახოთ,” – აღნიშნა ლეო XIV-მ.
“დღეს მსოფლიოში ბევრი ადამიანი იტანჯება. ძალიან ბევრ უდანაშაულო ადამიანს კლავენ და, ჩემი აზრით, ვიღაც უნდა წამოდგეს და თქვას: ‘უკეთესი გზაც არსებობსო’.” – თქვა მან.
“ეკლესიის, ჩემი და სახარების გზავნილია: ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი. არ მიმაჩნია, რომ ჩემი როლი პოლიტიკურია,” – განაცხადა პაპმა.
ცნობისთვის, ტრამპმა 13 აპრილს სოციალურ ქსელში ლეო XIV-ს მიმართ კრიტიკული პოსტი გამოაქვეყნა, მას შემდეგ, რაც პაპმა შაბათ-კვირას განაცხადა, რომ აშშ-სა და ისრაელის ომს ირანში “ყოვლისშემძლეობის ილუზია” აძლიერებს.
“პაპი ლეო სუსტია დანაშაულთან ბრძოლაში და საშინელია საგარეო პოლიტიკაში… მე არ მინდა პაპი, რომელიც ფიქრობს, რომ ირანისთვის ბირთვული იარაღის ქონა ნორმალურია” – დაწერა პრეზიდენტმა ტრამპმა.
ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ პაპმა ეს თანამდებობა “იმიტომ მიიღო, რომ ამერიკელია და მათ ეგონათ, ეს საუკეთესო გზა იქნებოდა პრეზიდენტ დონალდ ჯეი ტრამპთან ურთიერთობისთვის”.
“მე რომ თეთრ სახლში არ ვყოფილიყავი, ლეო ვატიკანში არ იქნებოდა” – დაწერა ტრამპმა და დაამატა: “პაპმა ლეომ თავისი საქმე უნდა დაალაგოს, გამოიყენოს საღი აზრი, შეწყვიტოს რადიკალური მემარცხენეების მხარდაჭერა და კონცენტრირდეს იმაზე, რომ იყოს დიდი პაპი და არა პოლიტიკოსი. ეს მას ძალიან აზიანებს და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, კათოლიკე ეკლესიასაც აზიანებს!”.
ლეო XIV-მ შაბათს საღამოს ვატიკანში, წმინდა პეტრეს ბაზილიკაში, ღვთისმსახურებას გაუძღვა იმავე დღეს, როცა აშშ-მ და ირანმა, მყიფე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფონზე, პაკისტანში პირისპირ მოლაპარაკებები დაიწყეს.
The Guardian წერდა, რომ პაპს პირდაპირ არ უხსენებია არც აშშ და არც ტრამპი, თუმცა მისი ტონი და გზავნილი, როგორც ჩანს, მიმართული იყო ტრამპისა და ამერიკელი ოფიციალური პირებისკენ, რომლებიც ხაზს უსვამდნენ აშშ-ს სამხედრო უპირატესობას და ომს, მათ შორის, რელიგიური არგუმენტებით ამართლებდნენ.
პაპმა განაცხადა, რომ ღმერთი “არ ისმენს მათ ლოცვებს, ვინც ომს აწარმოებს, არამედ უარყოფს მათ”. მან ასევე მოიხსენია ძველი აღთქმის ნაწყვეტი და თქვა: “თუნდაც მრავალი ლოცვა აღავლინოთ, მე არ მოგისმენთ – თქვენი ხელები სისხლით არის სავსე”.
ცეცხლის შეწყვეტამდე, როდესაც ტრამპი ირანს ელექტროსადგურებსა და სხვა ინფრასტრუქტურაზე მასობრივი დარტყმებით დაემუქრა და განაცხადა, რომ “ამაღამ მთელი ცივილიზაცია შეიძლება დაიღუპოს”, ლეო XIV-მ მსგავსი განცხადებები “სრულად მიუღებლად” შეაფასა.

