აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ორბანის მთავრობა Facebook-ს საარჩევნო კამპანიის დაზიანებაში ადანაშაულებს

უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის მთავრობის მტკიცებით, Facebook-ის შიდა ფუნქციებმა მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანია დააზიანა და ხელი შეუწყო ოპოზიციონერ პეტერ მადიარს, რომლის პარტიაც 12 აპრილს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებამდე საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში ლიდერობს. 

გამოცემა Politico-სთან საუბრისას ორბანის მთავრობის სპიკერმა, ზოლტან კოვაჩმა განაცხადა, რომ Facebook-ის “ალგორითმი რეალურად სამთავრობო პარტიების წინააღმდეგ მოქმედებენ,” რასაც Meta, Facebook-ის მშობელი კომპანია, უარყოფს. 

ცნობისთვის, ბოლო გამოკითხვები აჩვენებს, რომ 12 აპრილის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე უნგრეთის ოპოზიციური პარტია Tisza მნიშვნელოვანი უპირატესობით ლიდერობს პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანის მმართველი Fidesz-ის პარტიასთან შედარებით.

უნგრეთის პოლიტიკისთვის Facebook მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს, რომელზეც ოპოზიციონერი ლიდერი, პეტერ მადიარი, ხშირად ავრცელებს საავტორო ვიდეოებს და ამომრჩევლებისადმი მიმართვით მილიონობით ნახვას აგროვებს. 

Politico-ს მიხედვით, იმის მიუხედავად, რომ ორბანს პლატფორმაზე 1.6 მილიონი გამომწერი ჰყავს, მადიარის 930 000 გამომწერთან შედარებით, წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიციონერი ლიდერის პოსტებზე მომხმარებლებისგან უფრო მეტი აქტიურობა შეიმჩნეოდა. 

Telex-ის მონაცემებზე დაყრდნობით გამოცემა წერს, რომ მარტის თვეში მადიარმა 287 პოსტი გამოაქვეყნა და 14 მილიონზე მეტი ინტერაქცია დააგროვა, რაც თითქმის ორჯერ აღემატებოდა ორბანის მიერ 342 პოსტით დაგროვებულ 7.8 მილიონ ინტერაქციას. 

“ის ალგორითმის ენაზე საუბრობს … და შეუძლია, რომ სტრატეგიული სიცხადის დაკარგვის გარეშე ახალი ამბების ციკლის სიჩქარეს ფეხი აუწყოს,” ამბობს მადიარის პარტია Tisza-ს ევროკავშირთან ურთიერთობების ხელმძღვანელი და არჩევნებზე ერთ-ერთი საპარლამენტო კანდიდატი, მარტონ აიდუ. 

თუმცა, კოვაჩის მტკიცებით, სოციალურ ქსელში მადიარის კამპანიის წარმატება მომხმარებლების პროფილების განსაზღვრისთვის Meta-ს მიერ გამოყენებულ ორ განსხვავებულ სისტემას უკავშირდება, რაც ორბანს ნაკლებად ხელსაყრელ მდგომარეობას უქმნის. 

“პრემიერმინისტრი ვალდებულია, რომ აშკარა შეზღუდვებით პოლიტიკური პროფილი ჰქონდეს… და ასევე გვყავს ოპოზიციის ლიდერი, რომლის პროფილიც განსხვავებული ალგორითმით იმართება,” აღნიშნა კოვაჩმა ინტერვიუში. 

Politico-ს მიხედვით, მადიარის პირადი პროფესიონალური პროფილი “საჯარო ფიგურის” კატეგორიას მიეკუთვნება, ხოლო ორბანი პოლიტიკოსის “გვერდს” მართავს.

ამიტომ, კოვაჩის თქმით, Facebook-ის ალგორითმი უფრო შემზღუდავია იმ მხრივ, რომ “პოლიტიკოსის” გვერდს უფრო ნაკლები ადამიანი ნახულობს პირად პროფესიონალურ პროფილთან შედარებით. 

Meta-ს წარმომადგენელი უარყოფს ბრალდებებს, რომ სოციალური ქსელის სისტემა განსხვავებულად ექცევა “პროფესიონალურ” პროფილებსა და “გვერდებს,” როცა საქმე Facebook-ზე დისტრიბუციას ეხება. 

OSCE-ის მიერ უნგრეთში გაგზავნილი საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის წინასწარი ანგარიშის მიხედვით, უნგრეთში Facebook ყველაზე მეტად გამოყენებული სოციალური მედიის პლატფორმაა, რომელსაც 9-მილიონიან ქვეყანაში მიმდინარე წლის თებერვალში 4 მილიონი მომხმარებელი ესტუმრა.

IDEA-ს ინსტიტუტის მიერ 9 აპრილს გამოქვეყნებული გამოკითხვის მიხედვით, გადაუწყვეტელი ამომრჩევლების 50% მხარს Tisza-ს უჭერს, ხოლო ორბანის პარტიას 37% ემხრობა, რითაც გადაუწყვეტელი ამომრჩევლების რიგებში ოპოზიციას 13 პროცენტული პუნქტის უპირატესობა აქვს. 

ამას გარდა, ყველა გამოკითხულთა შორის Tisza-ს 39%-იანი მხარდაჭერა აქვს, Fidesz-ს კი – 30%-იანი. რესპონდენტების 21%-მა ასევე განაცხადა, რომ ჯერჯერობით არ მიუღიათ გადაწყვეტილება, თუ ვის მისცემენ ხმას არჩევნებზე. 

აპრილის დასაწყისში უნგრეთში ჩატარებულმა საზოგადოებრივი აზრის ორმა კვლევამ აჩვენა, რომ ოპოზიციონერი ლიდერის, პეტერ მადიარის პარტია ორბანის მმართველ Fidesz-თან შედარებით უპირატესობას ზრდიდა. 

ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, Tisza-ს ამომრჩევლების 56% უჭერდა მხარს, Fidesz-ს კი – 37%. ხოლო მეორე გამოკითხვაში მადიარის პარტია 51%-იანი მხარდაჭერით ლიდერობდა. 

ამას გარდა, უნგრეთში 23-დან 26 მარტამდე ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ქვეყნის მოსახლეობის 62%-ს პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანის მტკიცების, თითქოს უკრაინა უნგრეთის ომში ჩათრევას ცდილობს, არ სჯერა, ხოლო 29% უშვებს, რომ ეს შესაძლოა სიმართლე იყოს.

ცნობისთვის, უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები 12 აპრილს ჩატარდება.

იტვირთბა....