ქუვეითში ირანის თავდასხმის შედეგად გადარჩენილები პენტაგონის ინფორმაციას უარყოფენ და აცხადებენ, რომ დანაყოფი „თავდასაცავად მოუმზადებელი“ იყო. ამის შესახებ ინფორმაციას „სიბიეს ნიუსი“ ავრცელებს.
ინციდენტი ომის დაწყებისას, პირველ მარტს მოხდა, როდესაც ქუვეითის მცირე ბაზაზე ირანის თავდასხმის შედეგად ამერიკის არმიის ექვსი ჯარისკაცი დაიღუპა, 20-ზე მეტი კი დაშავდა. ჯარისკაცებმა უარყვეს აშშ-ის ომის მდივნის, პიტ ჰეგსეტის განცხადება, რომლის მიხედვითაც, დრონმა გამაგრებულ პოზიციაში შეაღწია. ერთ-ერთმა დაჭრილმა ჯარისკაცმა ამ ინფორმაციის უარყოფისას, ხაზი გაუსვა, რომ პოზიცია გამაგრებული არ იყო და დანაყოფს სათანადო დაცვა არ ჰქონდა.
„სიბიეს ნიუსის“ თანახმად, თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე, რაკეტების განგაშის სიგნალის გამო, დაახლოებით 60 ჯარისკაცისგან შემდგარი ჯგუფი ცემენტის ბუნკერში გადავიდა, ვიდრე ბალისტიკური რაკეტა მათ თავზე გადაიფრენდა, თუმცა დაახლოებით დილის 09:15 საათზე განგაშის მოხსნის სიგნალი გაისმა.
„ოფიცრებმა ჩაფხუტები მოიხადეს და სამუშაო მაგიდებს დაუბრუნდნენ ხისა და თუნუქის სამუშაო სივრცეში, რომელიც დაახლოებით სამი მისაბმელის სიგანის იყო. მათ განაახლეს აღჭურვილობის, საბრძოლო მასალისა და პერსონალის გადაადგილების მართვა ახლო აღმოსავლეთში. დაახლოებით 30 წუთის შემდეგ, „ყველაფერი შეირყა“, – განუცხადა ერთ-ერთმა ჯარისკაცმა „სიბიეს ნიუსს“.
კიდევ ჯარისკაცმა კი ადგილზე შექმნილი ვითარება შემდეგნაირად აღწერა: „ეს რაღაც ისეთია, რასაც ფილმებში ხედავთ. ყურებში ზარის ხმა, ყველაფერი ბუნდოვანია. მხედველობა დაბინდული გაქვთ. თავბრუ გეხვევათ. ყველგან მტვერი და კვამლია“.

