აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“უნგრეთმა ირანს ისრაელის მიერ 2024 წელს „ჰეზბოლას“ პეიჯერებზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება შესთავაზა” – The Washington Post

The Washington Post-ის გავრცელებული ინფორმაციით, უნგრეთმა ირანს ისრაელის მიერ 2024 წელს „ჰეზბოლას“ პეიჯერებზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება შესთავაზა. გამოცემამ საგამოძიებო სტატია გამოაქვეყნა, რომელიც უნგრეთის მთავრობის შიდა დოკუმენტაციასა და სპეცსამსახურების მიერ მოპოვებულ ჩანაწერებს ეყრდნობა.

სტატიის თანახმად, 2024 წლის 30 სექტემბერს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პეტერ სიიარტოსა და მის ირანელ კოლეგას, აბას არაღჩის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, რა დროსაც სიიარტომ არაღჩის განუცხადა, რომ “უნგრეთის სპეცსამსახურები უკვე დაუკავშირდნენ ირანულ მხარეს და მზად იყვნენ გაეზიარებინათ ამ ინციდენტის გამოძიების შედეგად მოპოვებული მთელი ინფორმაცია”.

სიიარტოსა და არაღჩის შორის ეს კომუნიკაცია შედგა მას შემდეგ, რაც 17 სექტემბერს ლიბანში „ჰეზბოლას“ წევრების კუთვნილი ათასობით პეიჯერი აფეთქდა, რის შედეგადაც სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა და თითქმის 3000 დაშავდა.

გამოცემის თანახმად, სიიარო-არაღჩის საუბრის ჩანაწერის ავთენტურობა დასავლურმა სადაზვერვო სააგენტომაც დაადასტურა.

The Washington Post-ის ინფორმაციით, უნგრული კვალი პეიჯერების სპეცოპერაციის საქმეში მას შემდეგ გამოჩნდა, რაც აფეთქებული პეიჯერების მწარმოებლად ოფიციალურად ბუდაპეშტში დარეგისტრირებული ფირმა დასახელდა, სიიარტომ კი ამ თავდასხმისგან დისტანცირება სცადა.

ჩანაწერის მიხედვით, მან საუბრისას არაღჩის განუცხადა, რომ პეიჯერები „არ იწარმოება უნგრეთში, ისინი არასოდეს ყოფილა უნგრეთში და არცერთ უნგრულ კომპანიას არასოდეს ჰქონია ფიზიკური შემხებლობა ამ პეიჯერებთან. ასე რომ, ჩვენ ამასთან საერთო არაფერი გვაქვს“.

ჩანაწერის მიხედვით, არაღჩიმ, თავის მხრივ, მადლიერება გამოხატა უნგრეთის ძალისხმევისთვის და სიიარტოს უთხრა, რომ „ძალიან მადლიერი იყო ამ ყველაფრისთვის“.

“უნგრეთის მზადყოფნა ითანამშრომლოს ირანთან — „ჰეზბოლას“ მთავარ მხარდამჭერთან — როგორც ჩანს, წინააღმდეგობაში მოდის უნგრეთის ოფიციალურ პოზიციასთან, რომლის მიხედვითაც იგი ევროპაში ისრაელის ერთ-ერთ ყველაზე საიმედო მოკავშირედ მიიჩნევა. ბუდაპეშტი საერთაშორისო ფორუმებზე ხშირად უჭერს მხარს ისრაელს და მჭიდრო კავშირებს ინარჩუნებს როგორც ისრაელის, ისე ამერიკის ხელმძღვანელობასთან.

გასულ თვეში, პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ, ფაქტობრივად, მხარი დაუჭირა უნგრეთის პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანს მომავალ კვირას დაგეგმილ არჩევნებში და განაცხადა, რომ ეს ძლიერი ლიდერი ისრაელისთვის „კლდესავით მყარი საყრდენი იყო“ – წერს მედია.

იტვირთბა....