აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უნგრელებს საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრ, ვიქტორ ორბანისთვის ხმის მიცემისკენ მოუწოდებს.
“უნგრეთის პატივსაცემი პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი, ჭეშმარიტად ძლიერი და გავლენიანი ლიდერია, რომელსაც ფენომენალური შედეგების მიღწევის გამოცდილება აქვს. ის დაუღალავად იბრძვის და უყვარს თავისი დიადი ქვეყანა და ხალხი, ზუსტად ისე, როგორც მე – აშშ. ვიქტორი ბევრს შრომობს უნგრეთის დასაცავად, ეკონომიკის გასაზრდელად, სამუშაო ადგილების შესაქმნელად, ვაჭრობის ხელშესაწყობად, უკანონო იმიგრაციის შესაჩერებლად და კანონისა და წესრიგის უზრუნველსაყოფად! უნგრეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობებმა თანამშრომლობისა და შთამბეჭდავი მიღწევების ახალ სიმაღლეებს მიაღწია ჩემი ადმინისტრაციის პირობებში, რაც დიდწილად პრემიერმინისტრ ორბანის დამსახურებაა. მოუთმენლად ველოდები მასთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას, რათა აშშ-მა და უნგრეთმა კიდევ უფრო წინ წაიწიოს წარმატებისა და თანამშრომლობის ამ უზარმაზარ გზაზე. მე ამაყი ვიყავი, როცა მხარი დავუჭირე ვიქტორის ხელახალ არჩევას 2022 წელს და პატივია, რომ ამას კვლავ ვაკეთებ.
არჩევნების დღეა კვირა, 2026 წლის 12 აპრილი. უნგრეთო: გადით და ხმა მიეცით ვიქტორ ორბანს! ის ნამდვილი მეგობარი, მებრძოლი და გამარჯვებულია. მას აქვს ჩემი სრული და აბსოლუტური მხარდაჭერა უნგრეთის პრემიერმინისტრად ხელახლა არჩევისას. ვიქტორ ორბანი არასოდეს დააღალატებს უნგრეთის დიად ხალხს. მე ბოლომდე მის გვერდით ვარ!” – დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე.
12 აპრილს უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებია ჩანიშნული. საერთაშორისო მედია წერს, რომ არჩევნები ორბანის 16-წლიანი მმართველობის განმავლობაში ყველაზე კრიტიკულ და დაძაბულ ბრძოლად ითვლება. არჩევნებში მონაწილეობას 4 პარტია ირებს, თუმცა გამოკვეთილია ორი მთავარი პოლიტიკური ძალა ორბანის პარტია ფიდესი და ტისა , რომლის ლიდერიც პეტერ მადიარია. ბოლო კვლევების თანახმად, გამოკითხულთა 35-38% ტისას ანიჭებს უპირატესობას, ორბანის პარტია ფიდესს კი 28%-დან 36%-მდე.

