ჩინეთი, იტალია და ესპანეთი ლიბანში ტერორისტულ დაჯგუფება ჰეზბოლას წინააღმდეგ ისრაელის იერიშებს გმობენ.
პეკინმა განაცხადა, რომ ლიბანის სუვერენიტეტი “არ უნდა დაირღვეს”, მას შემდეგ რაც ისრაელმა განაცხადა, რომ ჰეზბოლას სამხედრო ინფრასტრუქტურაზე იერიშები მიიტანა.
“ლიბანის სუვერენიტეტი და უსაფრთხოება არ უნდა დაირღვეს. სამოქალაქო მოსახლეობის სიცოცხლისა და ქონების უსაფრთხოება უნდა იყოს უზრუნველყოფილი” – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მაო ნინგმა და დასძინა, რომ პეკინი მხარეებს თავშეკავებისა და “რეგიონული ვითარების განმუხტვისკენ” მოუწოდებს.
ამასთან, იტალიის პრემიერმინისტრმა, ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომ ისრაელმა გუშინ ლიბანში ჰეზბოლას წინააღმდეგ თავდასხმით ირანთან დადებული 2-კვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიმართ “უპატივცემულობა გამოიჩინა”.
მისი თქმით, ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის თავისუფლების აღდგენა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესია მისი ქვეყნისთვისა და სრულიად ევროკავშირისათვის.
ასევე, ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხოსე მანუელ ალბარესმა ისრაელი საერთაშორისო სამართლისა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა.
“გუშინ ვნახეთ, როგორ დაარღვია ისრაელმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და საერთაშორისო სამართალი, როდესაც ასობით ბომბი ჩამოაგდო ლიბანის თავზე” – განაცხადა ალბარესმა.
აგრეთვე, გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მდივანმა, ივეტ კუპერმა განაცხადა, რომ ისრაელის იერიშები ლიბანზე სამშვიდობო პროცესისთვის “ძალიან დამაზიანებელია” და მხარეებს შორის კონფლიქტი უნდა დასრულდეს, რათა აშშ-ირანის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არ დაირღვეს.
“გვინდა ვიხილოთ, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში ლიბანიც ჩაერთოს. გვინდა, რომ ის გაფართოვდეს ლიბანზეც, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მთელი რეგიონის დესტაბილიზაციას გამოიწვევ” – თქვა მან.

