აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

“ვალდებულნი ვართ, დავიცვათ და გავაძლიეროთ დამოუკიდებლობა, რომელიც დიდი მსხვერპლის ფასად მოვიპოვეთ” – ბადრი ჯაფარიძე

9 აპრილი მხოლოდ მწუხარების დღე არ არის, ეს არის ეროვნული ერთობის, სიმტკიცის, შეუპოვრობისა და გამარჯვების დღე – ჩვენ ვალდებულნი ვართ, დავიცვათ და გავაძლიეროთ დამოუკიდებლობა, რომელიც დიდი მსხვერპლის ფასად მოვიპოვეთ, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი“ საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ეს დღე გვახსენებს, რომ თავისუფლება მოითხოვს მუდმივ დაცვას და მისი განმტკიცება ყოველდღიურ ძალისხმევას საჭიროებს.

„ჩვენი ქვეყნის ისტორიაში დღევანდელი დღე ერთდროულად ტრაგიკული და ამავე დროს გამარჯვების სიმბოლოა. ის გვახსენებს თუ რა სიმწრით მოვიპოვეთ ნანატრი თავისუფლება.

1989 წლის 9 აპრილს თავისუფლებისთვის მებრძოლი ჩვენი თანამემამულეების სიცოცხლე შეეწირა იმ ურყევ სურვილსა და იდეას, რომელსაც თავისუფლება და დამოუკიდებლობა ჰქვია.

მათი მსხვერპლის შემდგომ ეროვნულ-განმათავისუფლებელმა მოძრაობამ მოიცვა მთელი საქართველო და ეს პროცესი დაგვირგვინდა 1991 წლის 9 აპრილს, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენით და ამით იზეიმა ისტორიულმა სამართლიანობამ.

9 აპრილი მხოლოდ მწუხარების დღე არ არის – ეს არის ეროვნული ერთობის, სიმტკიცის, შეუპოვრობისა და გამარჯვების დღე. ეს დღე გვახსენებს, რომ თავისუფლება მოითხოვს მუდმივ დაცვას და მისი განმტკიცება ყოველდღიურ ძალისხმევას საჭიროებს. ჩვენ არ გვაქვს უმოქმედობის უფლება მანამ, სანამ საბოლოოდ არ მივაღწევთ მიზანს – ჩვენი ქვეყნის სრულ გათავისუფლებას იმ წნეხისგან, რომელსაც დამოუკიდებლობის ხელახლა მოპოვების დღიდან განვიცდით ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისგან და მანამ, სანამ არ დავიმკვიდრებთ ღირსეულ ადგილს უსაფრთხო, მშვიდობიან და კეთილდღეობით სავსე ევროპულ ოჯახში.

ჩვენ ვალდებულნი ვართ, დავიცვათ და გავაძლიეროთ დამოუკიდებლობა, რომელიც დიდი მსხვერპლის ფასად მოვიპოვეთ,“ – წერს ჯაფარიძე.

იტვირთბა....