აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

აშშ-მ ირანში ჩამოვარდნილი პილოტის ძებნის ოპერაციაში საიდუმლო ხელსაწყო გამოიყენა

ამერიკული მედია New York Post-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ს ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ (CIA) ირანის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი პილოტის სამძებრო ოპერაციის დროს საიდუმლო ხელსაწყო გამოიყენა.

მედიის ცნობით, ხელსაწყოს, რომელსაც “მოჩვენების შუილი” (Ghost Murmur) უწოდებენ, იყენებს შორი რადიუსის მქონე კვანტურ მაგნიტომეტრიას ადამიანის გულისცემის ელექტრომაგნიტური კვალის დასადგენად და ამ მონაცემებს უზიარებს ხელოვნურ ინტელექტს, რათა გულისცემის კვალი ფონური ხმიდან გარჩეულ იქნას.

NY Post-ი ინფორმაციას ორ წყაროზე დაყრდნობით წერს. მათი ცნობით, ეს დანადგარი CIA-მ ბრძოლის ველზე პირველად გამოიყენა. ამავე ცნობით, ხელსაწყო შეაქო აშშ-ს პრეზიდენტმა და CIA-ს დირექტორმა, ჯონ რეტკლიფმა. 

“ეს სტადიონზე ხმის გაგონებასავითაა, ოღონდ სტადიონი უდაბნოს ათასობით კვადრატული მილია. შესაბამის გარემოში, თუ შენი გული ფეთქავს, გიპოვით.” – თქვა NY Post-თან წყარომ.

წყაროების თქმით, მოჩვენების შუილი კომპანია ლოქჰიდ მარტინის პროექტმა, მოწინავე განვითარების პროგრამებმა, ანუ ე.წ. Skunk Works-მა, შეიმუშავა. ერთ-ერთმა წყარომ აღნიშნა, რომ ტექნოლოგია წარმატებით გამოცადეს Black Hawk-ის ვერტმფრენებზე, რათა მომავალში შესაძლებელი იყოს ამ ხელსაწყოს ავიაგამანადგურებელი F-35-ის მეშვეობით გამოყენებაც.

New York Post-ის წყარომ განმარტა დანადგარის სახელწოდებაც. მისი თქმით, ეს სამედიცინო ტერმინს, “გულის შუილს”, უკავშირდება.

“შუილი კლინიკური ტერმინია გულის რიტმისთვის. მოჩვენება ნიშნავს, რომ იძებნება ვიღაც, ვინც, პრაქტიკულად, გაუჩინარდა.” – თქვა წყარომ.

წყაროები ამბობენ, რომ დანადგარის ოპერაციული გამოყენების გარემო საკმაოდ ხელსაყრელი იყო, რადგან მცირე ელექტრომაგნიტური ხელშეშლა იყო – “ადამიანის კვალის თითქმის არანაირი წინააღმდეგობა, თანაც, ღამე თერმული კონტრასტი ცოცხალ სხეულსა და უდაბნოს ზედაპირს შორის, რამაც ოპერაციას დამატებითი დამადასტურებელი საფეხური მისცა.” – თქვა ანონიმურმა პირმა NY Post-თან საუბარში.

“ეს შესაძლებლობა ყოვლისმცოდნე არ არის. ის საუკეთესოდ მუშაობს შორეულ, დაბალი ხმაურის მქონე გარემოში და მოითხოვს მნიშვნელოვანი მოცულობის დამუშავების დროს.” – თქვა წყარომ.

ჩამოგდებული F-15-ის მეორე პილოტი ორი დღის განმავლობაში ირანის ტერიტორიაზე იმალებოდა. ირანელი სამხედროები მას დასატყვევებლად ეძებდნენ. პარალელურად მიმდინარეობდა აშშ-ს სამძებრო ოპერაცია. 

იტვირთბა....