ცეცხლის შეწყვეტა ყოველთვის კარგი ამბავია, თუმცა ჩვენ არ დავუკრავთ ტაშს მათ, ვინც სამყაროს ცეცხლს უკიდებს მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ წყლით მოვიდნენ, – ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა.
სანჩესის თქმით, ცეცხლის შეწყვეტა ყოველთვის კარგი ამბავია, განსაკუთრებით თუ მას სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა მოაქვს, თუმცა ეს არ არის საკმარისი იმ მსხვერპლის, ნგრევისა და ქაოსის დასავიწყებლად, რაც ომმა ახლო აღმოსავლეთში გამოიწვია.
„ესპანეთის მთავრობა არ დაუკრავს ტაშს მათ, ვინც სამყაროს ცეცხლს უკიდებს მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ წყლით მოვიდნენ. ახლა დიპლომატიის, საერთაშორისო სამართლისა და მშვიდობის დროა“, – წერს სანჩესი.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თანახმაა, ორი კვირით შეაჩეროს ირანის დაბომბვა. ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი მხარს უჭერს აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას იმ პირობით, რომ ირანი გახსნის სრუტეებს და შეწყვეტს თავდასხმებს.
ამასთან, ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ირანი ცეცხლის ორკვირიან შეწყვეტას დათანხმდა, თუმცა ეს ომის დასრულებას არ ნიშნავს.

