„სამ საათს ვაძლევთ ბატონ ნარმანიას, რათა ის გამოვიდეს საჯარო პირობა მისცეს საზოგადოებას, რომ უახლოეს დღეებში ამ უკანონო გადაწყვეტილებებს გააუქმებს, ბოტანიკურ ბაღს დაუბრუნებს თავის კუთვნილ ტერიტორიას“- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ განაცხადა.
„ნაციონალური მოძრაობა” თბილისის მერიას ბიძინა ივანიშვილის ინტერესებით მოქმედებაში ადანაშაულებს. საუბარია ტერიტორიაზე, რომელიც ოპოზიციის მტკიცებით, ბოტანიკური ბაღის საკუთრება იყო და ის ცოტა ხნის წინ ყოფილ პრემიერს გადაეცა.
„დღეს ჩვენ გვაქვს უკვე დოკუმენტურად დადასტურებული მონაცემები, რის საფუძველზეც ბატონმა ივანიშვილმა მალულად, ქურდულად 4 ჰექტარი ტერიტორია წაართვა თბილსის ბოტანიკურ ბაღს და მიიერთა თავის რეზიდენციაზე. ეს ყველაფერი გააკეთა იმ კომპანიის სახელზე – შპს ფინ სერვისი, რომელზეც არის რეგისტრირებული მისი ბიზნეს ცენტრი. ჩვენ გვაქვს კატეგორიული მოთხოვნა. 3 საათს ვაძლევთ ბატონ ნარმანიას, რათა ის გამოვიდეს საჯარო პირობა მისცეს საზოგადოებას, რომ უახლოეს დღეებში ამ უკანონო გადაწყვეტილებებს გააუქმებს, ბოტანიკურ ბაღს დაუბრუნებს თავის კუთვნილ ტერიტორიას,“ – აცხადებს ნიკა მელია.
დედაქალაქის მერის მხრიდან მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობა“ მასშტაბურ საპროტესტო აქციებს აანონსებს. მოგვიანებით ამ თემაზე განცხადების გაკეთებას თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ლექვინაძე გეგმავს.