აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მისასალმებელია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ ჩვენს მონეტარულ პოლიტიკას დადებითი შეფასება მისცა და ხაზი გაუსვა მის გონივრულობას” – ნათია თურნავა

მისასალმებელია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ ჩვენს მონეტარულ პოლიტიკას დადებითი შეფასება მისცა და ხაზი გაუსვა მის გონივრულობას, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ ფინანსთა მინისტრთან, ლაშა ხუციშვილთან და სსფ-ის მისიის ხელმძღვანელთნ, ალეხანდრო ჰაჟდენბერგთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

„სსფ-ის მხრიდან აღინიშნა, რომ სებ-ის მონეტარული პოლიტიკა გონივრულია, რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია გამოწვევებით სავსე გლობალურ გარემოში. ასევე ხაზი გაესვა საქართველოს მაღალ ეკონომიკურ აქტივობას და გაუმჯობესებულ საგარეო პოზიციას.  მოგეხსენებათ, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ისტორიულად დაბალი იყო, 2025 წელს მშპ-თან მიმართებაში 2.6% შეადგინა. ჩვენთვის, ეროვნული ბანკისთვის, ეს ნიშნავს, რომ კვლავ ხელსაყრელი პირობებია საერთაშორისო რეზერვების აკუმულირების გაგრძელებისთვის. ასევე შეინიშნება ძლიერი სავალუტო შემოდინებები სხვადასხვა, მათ შორის, ვაჭრობის არხებით. სავალუტო ფონდმაც თავის მიმოხილვაში აღნიშნა, რომ გასულ წელს სავალუტო რეზერვებმა რეკორდულ მაქსიმუმს მიაღწია და 2022 წლის შემდეგ პირველად, გასულ წელს საერთაშორისო რეზერვების მოცულობა ადეკვატურობის  100%-იან ზღვარს გადასცდა“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ამასთან, მან ისაუბრა ინფლაციურ მოლოდინებზე და ხაზი გაუსვა, რომ, ინფლაციური მოლოდინების თვალსაზრისით, სენტიმენტები კარგად არის მართული.

თურნავას თქმით, ამავდროულად გასათვალისწინებელია ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარი მოქმედებები, რამაც საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე, მათ შორის საქართველოს ბაზარზე მაღალი მერყეობა და ლოგისტიკური ჯაჭვების შეფერხება გამოიწვია, რაც ფასებზე დამატებითი ზეწოლაა.

„ეს არის დამატებითი ინფლაციური შოკი, რომლის სიძლიერე დამოკიდებული იქნება კონფლიქტის ხანგრძლივობაზე და საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასების დასტაბილურებაზე. აქედან გამომდინარე, ეს არის ის გამოწვევა, რომელსაც უნდა ვუპასუხოთ ფრთხილი და ეფექტური მონეტარული პოლიტიკის ნაბიჯებით, რისთვისაც ვართ მზად“, – დასძინა სებ-ის პრეზიდენტმა.

ნათია თურნავას თქმით, სსფ-ის მისიის ვიზიტის ფარგლებში განხილვის ერთ-ერთი საკითხი ეროვნული ბანკის მმართველობის გაუმჯობესება იყო. მისი განმარტებით, სსფ-ის შეფასებით სებ-ის მხრიდან მმართველობის გაუმჯოსებების კუთხით სავალუტო ფონდის რეკომენდაციები ნაწილობრივ შესრულებულია, ხოლო დანარჩენზე მიდის მუშაობა.

„ამიტომ უნდა ითქვას, რომ ამ თვალსაზრისითაც კარგი პროგრესი გვაქვს“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2025 წლის IV მუხლის რეგულარულმა მისიამ საქართველოში მუშაობა დაასრულა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა როგორც ეროვნული ბანკის გუნდთან, ისე სამთავრობო გუნდთან და ბევრ სხვა დაინტერესებულ მხარესთან.

იტვირთბა....