„გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები სწორედ ბუნდოვანებას გაფანტავს, დიპლომატიური წარმომადგენლობის პასუხისმგებლობაა, რომ კეთილსინდისიერად გამოიყენოს ეს შესაძლებლობა, – ამის შესახებ ლევან მახაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი სპეკულაციების გამორიცხვა და ბუნდოვანების გაფანტვაა.
„საკითხი დღეს მოქმედი კანონით ისედაც დაფარული იყო და საელჩოებს შესაძლებლობა ჰქონდათ, საკუთარი საქმიანობა თავისუფლად განეხორციელებინათ. თუმცა, ბევრი კითხვა გაჩნდა, მათი მხრიდან ბუნდოვანება იყო. იმისთვის, რომ ყველა სპეკულაცია გამოვრიცხოთ და კანონმდებლობა ფოკუსირებული იყოს მის მთავარ მიზანზე – ქართულ პოლიტიკაში ხელისუფლების ნებართვის გარეშე არ მოხდეს უცხოური ფულის უკანონოდ ბრუნვა, შეგვაქვს ცვლილებები. ცვლილებები შეგვაქვს, რომ არსებული კანონმდებლობა იყოს უფრო მკაფიო – ქართულ პოლიტიკაში უცხოური ფულის ბრუნვა არ ხდებოდეს ნებართვის გარეშე, მაგრამ დიპლომატიურ წარმომადგენლობებს შესაძლებლობა ჰქონდეთ, თავიანთი საქმიანობა შეუზღუდავად განახორციელონ.
ეს ცვლილებები პრაქტიკაში ერთ რამეს ნიშნავს. პარლამენტის სფერო არ არის კონკრეტული საქმიანობის განსაზღვრა, ჩვენ ზოგად რეგულაციებს ვადგენთ. ვენის კონვენციის შესაბამისად, დიპლომატიურ წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდეთ, ის, რაც მათი მოვალეობაა და რაზეც გაცემულია ხელისუფლების ნებართვა, ეს საქმიანობა შეუზღუდავად აწარმოონ. მაგალითად, თავიანთი ქვეყნის თაობაზე ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები ჩაატარონ, ან კულტურული დღეები ან დამოუკიდებლობის დღე აღნიშნონ. რა თქმა უნდა, მათ ამ საქმიანობის განხორციელებისთვის შესაბამისი ცვლილებები სჭირდებათ. მათ ამის გაკეთების შესაძლებლობა აქვთ, როგორც ვენის კონვენციაშია აღნიშნული“, – განაცხადა მახაშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, საქართველოში არსებული დიპლომატიური წარმომადგენლობა მათივე ქვეყნიდან მიღებულ თანხებს მხოლოდ პირადი ღონისძიებისთვის გამოიყენებს თუ საქართველოში მიმდინარე სხვა პროცესებისთვის, მახაშვილმა აღნიშნა, რომ პროექტების ან არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებისთვის მთავრობის ნებართვა იქნება საჭირო.
„საქმე როცა ეხება კონკრეტული პროექტების დაფინანსებას, არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებას და ისეთი სახის პროექტების განხორციელებას, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად გავლენას ახდენს ხელისუფლებაზე და ცდილობს მათი პოზიციების შეცვლას ან საზოგადოებრივ პროცესებში ერთვება, ამას სჭირდება მთავრობის თანხმობა. ეს აღნიშნულია და მიღებულია „გრანტების შესახებ“ კანონში წინა ცვლილებებისას. თუმცა, სხვა სახის საქმიანობა, მაგალითად, კულტურული დღეების აღნიშვნა, დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა, როცა მათ ტექნიკის შეძენა და სივრცის დაქირავება სჭირდებათ, ეს კანონმდებლობის ქვეშ არ ხვდება. ეს ცვლილებები სწორედ ასეთ ბუნდოვანებას გაფანტავს. დიპლომატიური წარმომადგენლობის პასუხისმგებლობაა, რომ კეთილსინდისიერად გამოიყენოს ეს შესაძლებლობა. თუ რეალურად სხვა მიზნებისთვის გამოყენება ხდება, ეს არის არსებული კანონმდებლობის ბოროტად გამოყენება. ასეთ შემთხვევაში რეაგირება იქნება. თუ მათი საქმიანობის განხორციელება ვენის კონვენციის შესაბამისად ხდება, აქ არანაირი წინააღმდეგობა არ იქნება, მათ შორის კანონის მხრიდან“, – აღნიშნა მახაშვილმა.

