ირანმა “ყველა ახალგაზრდას, ათლეტს, ხელოვანს, სტუდენტს, უნივერსიტეტის სტუდენტსა და მათ პროფესორებს” ელექტროსადგურების გარშემო ცოცხალი ჯაჭვების მოწყობისკენ მოუწოდა იმ ფონზე, როცა აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის რეჟიმს ინფრასტრუქტურაზე იერიშებით დაემუქრა, თუკი სამშაბათს, ვადის გასვლის შემდეგ, შეთანხმება არ იქნება მიღწეული.
“ელექტროსადგურები ჩვენი ეროვნული აქტივი და კაპიტალია, რომელიც, გემოვნებისა და პოლიტიკური ხედვების მიუხედავად, ირანის მომავალსა და ირანელ ახალგაზრდებს ეკუთვნის,” განაცხადა ალირეზა რაჰიმიმ, რომელიც ირანის სამთავრობო ტელევიზიის მიხედვით, ახალგაზრდობისა და მოზარდთა უმაღლესი საბჭოს მდივანია.
გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში რაჰიმიმ ახალგაზრდებს მოუწოდა, ელექტროსადგურების გარშემო ცოცხალ ჯაჭვს შეუერთდნენ.
ცნობისთვის, წარსულში დასავლეთთან დაძაბულობის პერიოდებში ირანის რეჟიმი ცოცხალ ჯაჭვებს ბირთვული ობიექტების გარშემოც აორგანიზებდა.
ცნობისთვის, პრეზიდენტი ტრამპის მიერ ირანისთვის მიცემული 10-დღიანი ვადა ორშაბათს უნდა ამოწურულიყო, თუმცა, კვირას, 5 აპრილს, ტრამპმა Truth Social-ზე განაცხადა, რომ ახალი ბოლო ვადა ვაშინგტონის დროით სამშაბათს, 20:00 საათამდე (თბილისის დროით 7 აპრილის 04:00 საათამდე), გაახანგრძლივა.
კვირას ტრამპმა Axios-თან საუბრისას აღნიშნა, რომ აშშ ირანთან “სიღრმისეულ მოლაპარაკებებს” მართავს და დაამატა, რომ სამშაბათს, ვადის ამოწურვამდე, შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია.
“ამის კარგი შანსია, მაგრამ თუ შეთანხმებას არ დადებენ, იქ ყველაფერს ავაფეთქებ,” თქვა მან.
აპრილის დასაწყისში აშშ-ს პრეზიდენტი ირანის რეჟიმს ხიდებისა და ელექტროსადგურების განადგურებით დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუ ისინი ამერიკასთან შეთანხმებას არ დადებდნენ.
“ჩვენს არმიას, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში უდიდესსა და ყველაზე ძლიერის, არც კი დაუწყია იმის განადგურება, რაც ირანში დარჩა. შემდეგი ხიდებია, მერე კი – ელექტროსადგურები!” – წერდა ტრამპი.

