აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ჰორმუზის სრუტის ბლოკირებით გამოწვეული ნავთობისა და გაზის კრიზისი უფრო სერიოზულია, ვიდრე 1973, 1979 და 2002 წლების კრიზისები ერთად” – საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ხელმძღვანელი

ჰორმუზის სრუტის ბლოკირებით გამოწვეული ნავთობისა და გაზის ამჟამინდელი კრიზისი უფრო სერიოზულია, ვიდრე 1973, 1979 და 2002 წლების კრიზისები ერთად, – ამის შესახებ საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) ხელმძღვანელმა ფატიჰ ბიროლმა გაზეთ „ლე ფიგაროს“ განუცხადა.

მისივე თქმით, ევროპული ქვეყნები, ასევე იაპონია, ავსტრალია და სხვები დაზარალდებიან, მაგრამ ყველაზე მეტად რისკის ქვეშ არიან განვითარებადი ქვეყნები, სადაც ნავთობსა და ბუნებრივ აირზე ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა და კრიზისმა ინფლაციაც გამოიწვია.

„მსოფლიოს არასდროს განუცდია ენერგომომარაგების ასეთი მასშტაბის შეფერხება“, – განაცხადა ფატიჰ ბიროლმა ფრანგულ გაზეთთან ინტერვიუში.

მისივე თქმით, საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს წევრი ქვეყნები გასულ თვეში შეთანხმდნენ, რომ თავიანთი სტრატეგიული რეზერვების ნაწილს გამოიყენებდნენ. ბიროლის თქმით, ამ რეზერვების ნაწილი უკვე გამოიყენება.

სხვადასხვა წლებში მსოფლიოში ნავთობის ფასი მკვეთრად გაიზარდა და ნავთობის დეფიციტი შეიქმნა. კერძოდ, მედიის ცნობით, 1973 წელს, იომ-ქიფურის ომის დროს, ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციის (OPEC) არაბმა წევრმა ქვეყნებმა შეამცირეს ნავთობის ექსპორტი დასავლეთის ქვეყნებში, რამაც სერიოზული დეფიციტი და ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია. 1979 წელს ირანის რევოლუციამ შეაფერხა ირანის ნავთობის წარმოება, რამაც გამოიწვია ნავთობის ფასების კიდევ ერთი გლობალური ზრდა და ეკონომიკური არასტაბილურობა. 2022 წელს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ გამოიწვია სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და გლობალური ენერგომომარაგების მნიშვნელოვანი შეფერხებები, რასაც ფასების მკვეთრი ზრდა მოჰყვა.

იტვირთბა....