აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“საქართველოსა და აზერბაიჯანის ლიდერების ვიზიტები ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებას უწყობს ხელს” – კახა კალაძე

რეგიონში ქვეყნებს შორის მშვიდობიანი და მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებას არ აქვს ალტერნატივა, – ამის შესახებ კახა კალაძემ მედიასთან საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ვიზიტის კომენტირებისას განაცხადა.

„საქართველოს და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა, სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვანია. მივესალმები აღნიშნულ ვიზიტს. იმის გათვალისწინებითაც, თუ რა მძიმე პროცესები მიმდინარეობს ახლო აღმოსავლეთში, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. აზერბაიჯანთან გვაქვს მეგობრული ურთიერთობა. ქვეყნის ლიდერების მსგავსი ვიზიტები ხელს უწყობს მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე შეფასებით, აზერბაიჯანის პრეზიდენტისგან განსხვავებით, კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსები შუა დერეფნის კუთხით საქართველოს მნიშვნელობაზე მიზანმიმართულად არ საუბრობენ.

„ჩვენი გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობა ყველასთვის მნიშვნელოვანია. შესაბამისად, საქართველოს გამოყენება აღნიშნულ დერეფანზე სასურველია. ის, თუ რატომ არ აღნიშნავს ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი საქართველოს როლს ამ კუთხით, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ვხედავთ, ბოლო წლების განმავლობაში შანტაჟი, შეურაცხყოფა და მუქარა მიმდინარეობს ჩვენი ქვეყნის მიმართ. ეს დამოკიდებულება მიუღებელია. ვიცით, ამის მიზეზიც – არ გადავდგით ის ნაბიჯები, რაც დამაზიანებელი იქნებოდა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის და ქართველი ხალხისთვის, ამიტომაც აქვთ აგრესიული დამოკიდებულება საქართველოსადმი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

იტვირთბა....