ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ივანიშვილმა ბოტანიკური ბაღის ნაწილი თავის რეზიდენციას მიუერთა”

თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ირაკლი აბესაძის მტკიცებით, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა თბილისის მერის დავით ნარმანიას ხელშეწყობით, ბოტანიკური ბაღის საკუთრებაში არსებული 40 000 კვ.მ-მდე მიწის ნაკვეთი მიისაკუთრა.

ოპოზიციის ინფორმაციით, ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ, ჯამში 390 000 კვ.მ ფართის ნაკვეთზე, მერიამ ბიძინა ივანიშვილის კომპანიას ლანდშაფტურ-სარეკრეაციო, აქტიური გამწვანების ზონაში მშენებლობის უფლებაც მისცა.

“მერიას შეაცვლევინა და გადაიტანა კრწანისი-შინდისის მშენებარე გზა, რომლის გამოც უკვე მოჭრილი და გადარგულია 550-მდე ხე, დახარჯულია თითქმის 700 000 ლარი იქ არსებული გაზის მილის გადასატანად. აღმოჩნდა, რომ ბუნება გაიჩეხა და საბიუჯეტო სახსრები დაიხარჯა მხოლოდ იმიტომ, რომ ბიძინას რეზიდენციის მშენებლობისთვის გათავისუფლებულიყო პოლიგონი. სხვათაშორის, ადგილზე თითქოს, სადაც გზის მშენებლობა გადაიტანეს, დამატებით 700 ხე უნდა მოიჭრას და გადაირგოს.

მოკლედ, ბიძინამ მიიტაცა და ნადგურდება 390 000 კვ.მ ლანდშაფტური დაცვის ზონა, მათ შორის ბოტანიკური ბაღის ტერიტორია, იჩეხება ათასობით ხე და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ ბიძინამ ახალი სახლი აიშენოს. ამ კაცს მხოლოდ საკუთარი, პირადი სიხარბე ამოძრავებს და ეს უკვე ძალიან მავნებლურ, საშიშ მასშტაბებშია გადაზრდილი.” – აცხადებს აბესაძე.

“ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, ივანიშვილმა სოლოლაკში მის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიას 4 ჰექტარი მიწის ნაკვეთი მიუერთა. ტერიტორიის ახალი მესაკუთრე შპს „ფინსერვის xxi“ გახდა. ოპოზიციის მტკიცებით, აღნიშნულ შ.პ.ს-ზე რეგისტრირებულია ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრი.

საჯარო რეესტრში არსებული ინფორმაციის მიხედვით, შპს ‘ფინსერვის xxi’  მფლობელი ოფშორში რეგისტირერიბული კომპანიაა “ვიზელია ენთერპრაიზის ლიმიტედ”. „ფინსერვის xxi“  ასპროცენტიანი მეწილე ვეფხვია დვალია, რომელიც ივანიშვილის ტელევიზიის “მეცხრე არხის” დირექტორი იყო.

“მეტრონომი” პარტია “ქართული ოცნების” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა. როგორც ანა გოჩაშვილმა გვითხრა აღნიშნულ საკითხს არ იცნობს.

 

იტვირთბა....