ლონდონის სამეფო სასამართლოს მოსამართლე პიტერ სმიტმა ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის სარჩელი დააკმაყოფილა, სადაც პატარკაციშვილები ვანო ჩხარტიშვილის მიერ აქტივების მითვისების საკითხზე დაობდნენ.
“ალიას” ინფორმაციით, სადავო აქტივები ოჯახმა სამართლებრივად დაიბრუნა. მოსამართლე პიტერ სმიტი საბოლოო გადაწყვეტილებაში წერს, რომ ვანო ჩხარტიშვილი ჩვენებას იძლეოდა დაახლოებით 4 დღის მანძილზე, ის ჯვარედინად დაიკითხა ადვოკატ სმოუჰას მიერ. მან განაცხადა, რომ “ფოთის წისქვილქარხნის“ ვალები დაახლოებით 5 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა.
“შესყიდვა სწრაფად განხორციელდა ისე, რომ სათანადო იურიდიული და ფინანსური მდგომარეობის შემოწმება არ ჩატარებულა. კრედიტორებმა გაიგეს, რომ საკონტროლო წილის მფლობელი მილიარდერი ბადრი პატარკაციშვილი იყო, დაიწყეს მისი შეწუხება და მის სახლთან საპროტესტო აქციების გამართვა. ამის გამო მოხდა შეთანხმება, რომ იგი ერთპიროვნულად იქნებოდა პასუხისმგებელი “ფოთის წისქვილქარხნის“ განვითარებაზე და რეალიზაციიდან ამონაგები, მათ შორის 50/50-ზე გაიყოფოდა”,- აცხადებს სმიტი.
მოსამართლე პიტერ სმიტი დასკვნაში, ასევე, წერს, რომ ვანო ჩხარტიშვილს “ფოთის წისქვილქარხანაში“ ფული საერთოდ არ ჩაუდია.
„ვანოს ჩვენებიდან საბოლოოდ ვადგენ, რომ “ფოთის წისქვილქარხანის“ ბენეფიციარი მფლობელი ბადრი იყო, მაგრამ ვანოს მისცა კომპანიის მართვის უფლება და შრომის ანაზღაურების სახით მოგების 50 % -ს მიიღებდა. “ფოთის წისქვილქარხანაში“ ვანოს ფული საერთოდ არ ჩაუდია და მაინც ბოლოს ბენეფიციარი მფლობელი ის გახდა. მის ჩვენებას არ ვიზიარებ, ჩემი აზრით, ვანომ ჩვენება მოიგონა იმის საჩვენებლად, რომ მან იკისრა ვალდებულება და ამრიგად, შეცვალა გარიგებები. მანამდე პროექტში, ფული ჩადო ბადრიმ ხოლო სამუშაო გაწია ვანომ. ეს იყო მცდელობა ყველა წილის მითვისების გამართლებისა. ჩემი აზრით, ფოთის „წისქვილქარხანასთან“ დაკავშირებული გარიგებები იყო ისე, როგორც მოსარჩელეების პოზიციაშია დაფიქსირებული. კერძოდ, ბადრიმ საწყისი თანხა 1,5 მილიონი დოლარის ოდენობით ჩადო და ეს კომპანია მის საკუთრებაში იყო „ნაილ ტრასტის“ მეშვეობით, ვანოს ამოცანა კი გახლდათ, ბადრის სესხის დაფარვის შემდეგ, მოგების ნახევარის მიღება”,- აცხადებს სმიტი.