აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ტრამპის ულტიმატუმის ვადა იწურებაა – თეირანი ჰორმუზის სრუტის გახსნაზე უარს აცხადებს

თურქეთის, ეგვიპტისა და პაკისტანის შუამავლობის მიუხედავად, ირანსა და აშშ-ს შორის სამხედრო კონფლიქტის შეწყვეტის გზები კვლავ არ ჩანს. თეირანი ვაშინგტონთან პირდაპირ მოლაპარაკებებზე უარს ამბობს.

როგორც გამოცემა The Wall Street Journal იტყობინება, შუამავალმა ქვეყნებმა ამ ეტაპზე ვერ შეძლეს მხარეებს შორის კომპრომისის პოვნა. ირანი კატეგორიულად ამბობს უარს დათმობებზე და საკუთარ საკვანძო მოთხოვნებს არ ცვლის.

ცნობილი გახდა, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ, სატელეფონო კონსულტაციები გამართა კოლეგებთან და აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ ვიტკოფთან, თუმცა ამ მოლაპარაკებებს რეალური შედეგი არ მოჰყოლია. თეირანმა უარი თქვა პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში ამერიკულ მხარესთან პირდაპირ შეხვედრაზეც.

თეირანმა ასევე დაბლოკა აშშ-ის შეთავაზება, რომელიც ჰორმუზის სრუტის გახსნის სანაცვლოდ ცეცხლის დროებით შეწყვეტას ითვალისწინებდა. ამჟამად თურქეთი და ეგვიპტე ცდილობენ მხარეებს ახალი პლატფორმები შესთავაზონ — განსახილველ ლოკაციებს შორის სტამბოლი და დოჰა ფიგურირებს.

ვითარებას კიდევ უფრო ამწვავებს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკაცრი რიტორიკა. ჰორმუზის სრუტის ბლოკირების გამო, ტრამპი ირანს „ჯოჯოხეთის მოწყობით“ დაემუქრა და მიანიშნა, რომ შესაძლოა დარტყმები განხორციელდეს სტრატეგიულ ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის: ელექტროსადგურებზე, ხიდებსა და სატრანსპორტო კვანძებზე.

მედიის ინფორმაციით, თეთრი სახლი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას დღეს, ორშაბათს, 6 აპრილს ელოდება. იმ შემთხვევაში, თუ თეირანი პირობებს არ დათანხმდება, აშშ მზადყოფნას გამოთქვამს, ირანის ტერიტორიაზე ახალი მასშტაბური დარტყმების სერია განახორციელოს.

იტვირთბა....