აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

დატბორილი სახლები და ავტომობილები – დაღესტანში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა

დაღესტანში, დერბენტის რაიონში ძლიერი ნალექების შედეგად სტიქია განვითარდა — გეჯუხის წყალსაცავის დამბა გაირღვა, ადიდებულმა მდინარეებმა კი საცხოვრებელი ზონები და გზები დატბორა.

საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, ადგილზე დამატებითი ძალები და ტექნიკა გაიგზავნა, ხოლო დახმარების მიზნით დერბენტის რაიონში აერომობილური ჯგუფიც გაემგზავრა, რომელიც 40 მაშველსა და ხუთ ერთეულ ტექნიკას მოიცავს.

სტიქიის შედეგად განსაკუთრებით დაზარალდა მამედკალას დასახლება, სადაც წინასწარი მონაცემებით, დატბორილია 28 სახლი და ევაკუირებულია დაახლოებით 100 ადამიანი. იმავე დასახლების მიხაილოვკის მიკრორაიონში კი ქუჩები ამ დრომდე იტბორება. წყალდიდობამ ასევე დააზარალა ინფრასტრუქტურა — გეჯუხის სიახლოვეს დაიტბორა ფედერალური მაგისტრალი, წყლის ძლიერმა ნაკადმა რამდენიმე ავტომობილი წაიღო, ხოლო „კავკასიის“ ავტოდოროგის 917-ე კილომეტრზე ხიდის ჩამოშლის გამო მოძრაობა დროებით შეზღუდული იყო. მოგვიანებით გადაადგილება მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებისთვის აღდგა.

მდინარის ადიდებამ ადამიანთა სიცოცხლეც იმსხვერპლა. საგანგებო სამსახურების ინფორმაციით, მდინარიდან ამოყვანილი ქალი და ბავშვი გარდაიცვალნენ — მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მანამდე მაშველებმა და ადგილობრივებმა წყლიდან სულ შვიდი ადამიანი ამოიყვანეს, მათ შორის ორსული ქალი.

ამასთან, დერბენტის რაიონში რამდენიმე ადამიანი მდინარის დინებამ წაიღო და მათი გადარჩენის ოპერაცია მიმდინარეობს. 

სტიქიის მასშტაბი რეგიონში მარტის ბოლოს დაწყებულმა ძლიერმა წვიმებმა განაპირობა — მდინარეები კალაპოტიდან გადმოვიდა, ქალაქებსა და სოფლებში სახლები დაიტბორა, ხოლო წყალმა დააზიანა გზები და ხიდები. წყალდიდობამ გამოიწვია წყლისა და ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხება — პიკის პერიოდში ელექტროენერგიის გარეშე დარჩა 500 ათასზე მეტი ადამიანი. მთიან რეგიონებში ჩამოვიდა ზვავები და ღვარცოფები, ხოლო მახაჩყალაში წყალდიდობის შედეგად საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა.

იტვირთბა....