„მეტრონომის“ ექსკლუზიური ინტერვიუ პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილთან
წინასაარჩევნოდ, ნელ-ნელა იკვეთება პოლიტიკური თუ პარტიული ლიდერები. NDI-ის თუ IRI-ის გამოკვლევებმა კიდევ უფრო დაძაბა წინასაარჩევნო მარათონი. რას ფიქრობენ პოლიტოლოგები, რომელი პარტიების ალიანსს მოიაზრებენ წინასაარჩევნოდ და როგორ აფასებენ პოლიტიკური ძალების მიერ გადადგმულ ამა თუ იმ ნაბიჯს? ამ და სხვა საკითხებზე „მეტრონომს“ პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი ესაუბრა. მისთვის გასაკვირი არ იქნება, თუ მომავალში „ნაციონალური მოძრაობა“ და „ლეიბორისტული“ პარტია პარტნიორები გახდებიან. მას მიაჩნია, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ და ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო“ გაერთიანდებიან.
„მეტრონიმი“: საკმაოდ საინტერესო წინასაარჩევნო პერიოდი გველის. ეს არჩევნები იმით იქნება გამორჩეული, რომ კონკრეტული გამოკვეთილი ლიდერი არ არსეობს. თქვენი აზრით, შეძლებს პარტია „ქართული ოცნება“ არჩევნებამდე ელექტორატის მობილიზებას, რათა არჩევნებში შედარებითი უპირატესობა მოიპოვოს?
სოსო ცისკარიშვილი: სახელისუფლებლო პარტია ბევრი პრივილეგიით სარგებლობს არჩევნებზე და სწორედ ეს გახლავთ მიზეზი, რომ უადვილდება ხოლმე ხელისუფლებას არამხოლოდ ერთი ვადით მართოს ქვეყანა. ეს მათი პრივილეგია უპირველეს ყოვლისა გამოიხატება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაში. როდესაც დაიწყება მაჟორიტარებად ამა თუ იმ რეგიონის გამგებლების წარდგენა, ჩვენი მორჩილი მოსახლეობა რასაკვირველია, ნაცნობ ხელისუფალს დაუჭერს მხარს და არა რომელიმე უცნობს, თუ რომელიმე ოდიოზური ფიგურა არ იყო, წლების განმავლობაში წარმოდგენილი კანდიდატი. ასევე, გვარწმუნებდნენ, რომ არჩევნებისას, რომელსაც ვაკვირდებოდით საგარეჯოში და გარდაბანში, არანაირი რესურსი არ დახარჯულა მთავრობის მიერ და გვარწმუნებდნენ, რომ რესურსი არის მანქანა და ბენზინი. რატომ აღმოჩნდნენ ასეთი თავმდაბლები მთავრობის წევრები, ჩემთვის გაუგებარია. საკუთარ თავს მინისტრი რატომ არ თვლის რესურსად, როდესაც ის მართავს სამინისტროს, არა რომელიმე სოფლის, არამედ მთლიანად ქვეყნისა. როდესაც ტელეეკრანიდან ვხედავთ, რომ თითქმის მთელი შემადგენლობა მთავრობის ასეთი საშუალედო არჩევნებისას ქუჩაში დგას მათ მიერ წაყენებული კანდიდატის ფონად, აბა რა უნდა იფიქროს ამომრჩეველმა, თუ კანდიდატი ასეთი შემძლე და გავლენიანია, რომ მთელი მთავრობა უკან მოიყენა? რასაკვირველია, ეს იქნება მიმანიშნებელი, რომ სწორედ ეს ადამიანია ასარჩევი. ამდაგვარი შესაძლებლობები კიდევ არაერთი გააჩნია. მითუმეტეს, მას შემდეგ, რაც ვრწმუნდებით, რომ პრემიერ-მინისტრს, რომელიც ასევე იქნება დიდი ალბათობით პირველი ნომერი ამ სიაში, არ ექნება ვალდებულება, რამდენიმე ხნით მაინც შეიჩეროს თავისი თანამდებობრივი უფლებამოსილება. ასეთი მიდგომა, უპირველეს ყოვლისა ვნებს თავად პრემიერ-მინისტრს და მის მომავალ პოლიტიკურ კარიერას, რადგან სწორედ მისთვის მორგებული საკანონმდებლო ცვლილება მას ლაქად გაჰყვება რა ხანგრძლივიც არ უნდა იყოს მისი პოლიტიკური ბიოგრაფია. ასე რომ, თუკი ჩვენ დავიწყებთ შედარებას NDI-ის ან IRI-ის კველევბის იმ შედეგთან შედარებით, რასაც ჩვენ რეალურად მივიღებთ, მაშინ რეალობას უნდა გამოვაკლოთ ის რესურსები, რომელიც დახარჯულ იქნა სახელისუფლებლო გუნდის მიერ.
– საარჩევნო სიაში მოხვედრის გამო, მოსალოდნელია რომ მინისტრთა კაბინეტი დაიშალოს?
– სიაში ჩაწერა ადამიანების არ ნიშნავს მათ პარლამენტში დარჩენას წარმატების შემთხვევაშიც. ძნელად დასაჯერებელია, რომ ბატონ კალაძეს ერჩივნოს პარლამენტარობა მის დღევანდელ თანამდებობას. დიდი ალბათობით, თუ გამარჯვებული დარჩება „ქართული ოცნება“ პრემიერ-მინისტრად კვლავ ვიხილავთ ბატონ კვირიკაშვილს, რაც ჩემთვის სიმშვიდის მომგვრელი ფაქტი იქნება, წინამორბედების ხასიათებიდან და უნარებიდან გამომდინარე, მაგრამ ამავე დროს ეს ფანდი არახალია. ადამიანები, რომლებიც თავიდანვე იყვნენ სიაში, როგორც წარმატებული პირები სხვადასხვა სახელისუფლებლო შტოზე, რასაკვირველია დაბრუნდებიან თავის ადგილებზე, ყოველ შემთხვევაში იმავე სისტემაში, სადაც ისინი წარმატებული იყვნენ და მათ მაგივრად უკვე სხვა ადამიანები აღმოჩნდებიან. ისეთები, რომლისთვისაც არც ხმა მიუციათ და არც მათი არსებობა ცოდნიათ. ეს არ არის „ქართული ოცნების“ ნოუჰაუ, ეს ადრეც ხდებოდა და ამის მოწმენი ვიყავით 2012 წლის ოქტომბრის პირველსავე კვირაში, როდესაც მაჟორიტარების სიის წინა ნაწილში მყოფი პირები უკვე გადაჯგუფდნენ აღმასრულებელ ხელისუფლებაში.
– რაც შეეხება „გირჩს“. ისინი აქტიურ პოლიტიკაში გამოჩნდნენ. „გირჩი“ „ნაციონალებისგან“ წამოსული წევრებისგან შედგება, რაც მათთვის მთლად პოზიტივი არ არის. წაართმევენ თუ არა ხმებს „ნაციონალებს“? და საერთოდ, რა შანსები აქვთ „გირჩელებს“? ალიანსი ხომ არ იქნებოდა მათთვის მომგებიანი რომელიმე პარტიასთან და ვის მოიაზრებთ?
– არამგონია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გავლენებს მხოლოდ „გირჩი“ განიცდის. წინასწარ არავის გავუფუჭებ ხასიათს, მაგრამ პასუხი თქვენს კითხვაზე კოალიციებთან დაკავშირებით იქნება დამაჯერებელი მხოლოდ მას შემდეგ, რაც არჩევნები დასრულდება. დიახ, რასაკვირველია მხოლოდ უმრავლესობის მოძიების სურვილით იქნება აუცილებლობა, რომ შეიქმნას უკვე არჩევნების შემდეგი კოალიცია. რაც შეეხება „გირჩს“, ცალკეული პირები რასაკვირველია, როგორც პოლიტიკოსები, საინტერესოები არიან, მაგრამ მთლიანი შემადგენლობა, რომელსაც პერიოდულად ვეცნობით ხოლმე… არსებობს პოლიტიკური წარსული, რომელიც მუდმივად გაჰყვება ხოლმე თითოეულ პიროვნებას, ამიტომ მათი წარმოშობის დავიწყება ალბათ ნამდვილად არ მოხდება წლევანდელ არჩევნებში. 2020-24-ში შეიძლება რაიმე სიკეთე ვიხილოთ ამ პარტიიდან, მაგრამ ამჯერად, როდესაც ისმენთ „რუსთავი2“-ის სანდო ეკრანიდან, რომ არჩევნების მეორე დღეს საქართველოში მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდება, არ შეიძლება, რომ რაიმე ხმების მომმატებელი აღმოჩნდეს, არც „ნაიციონალებისთვის“ და არც „გირჩისთვის“
– რაც შეეხება „რესპუბლიკელებს“, რა შანსები აქვთ მათ არჩევნებზე? თავი ხომ არ გაწირეს მათ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის მიღების გადაწყვეტილებით? იდეოლოგიურად ყველაზე ახლოს ისინი „თავისუფალ დემოკრატებთან“ არიან, ხომ შეიძლებამ რომ მათი ალიანსი ვივარაუდოთ?
– ჩემი აზრით, თავი კი არ გაწირეს მათ, არამედ 4-წლიანი პაუზის შემდეგ თავისუფლად ამოისუნთქეს, რადგან მათი არსებობა მეოცნებეთა კოალიციაში გარკვეულწილად წარმატებული იყო მხოლოდ საკუთარი თმენით და უფრო მათთვის ნაკლებად შესაფერი კონსესუსის ხარისხით. არც იმას გამოვრიცხავ, რომ სრულიად სიმშვიდე შეინარჩუნოს ამ პარტიამ თუნდაც წარუმატებლობის შემთხვევაში. თავიანთი არსებობის 35-წლიანი არსებობის განმავლობაში ისინი მხოლოდ 4 წელი იყვნენ ხელისუფლებაში და ისინი როგორც ოპოციზია, ასევე საუკეთესო იქნება როგორც ჩვენი პოლიტიკური სივრცისთვის, ასევე ჩვენი უცხოელი პარტნიორებისთვისაც. თუმცა, მას შემდეგ, რაც ბარიერმა დაიწია, ძნელად წარმოსადგენია, რომ „რესპუბლიკელებმა“ ვერ მოახერხონ საკუთარი ფრაქციის შექმნა მომავალ პარლამენტში, რაც უკვე იქნება წინაპირობა იმისა, რომ ისინი გახდნენ რაიმე ახალი კოალიციის წევრები. შესაძლებელი იქნებოდა ნორმალური ვითარება რომ იყოს ქვეყანაში, არჩევნებამდეც მომხდარიყო რაიმე ასეთი კოალიციის შექმნა, მაგრამ ჩვენი პოლიტიკური ლიდერების პირადი ამბიციები ჯერ ვერ ცხრება სახელმწიფო ინტერესების სასარგებლოდ, რადგან დაპირისპირება სახეზეა და უფრო მარტივად გასაგებია ურთიერთკრიტიკა ჩვენი ამომრჩევლებისთვის, რომელთა პოლიტიკური განათლებულობის ხარისხი ჯერ მაღალი არ არის და კოალიციების მიმართ ძალიან მარტივად იქნებიან უარყოფითად განწყობილნი, ეს უფრო პოლიტიკოსების შეხედულებაა.
– ხომ არ გეჩვენებათ, რომ „რესპუბლიკელებთან“ ალიანსს ყველა ერიდება?
– რასაკვირველია, მას შემდეგ, რაც სრულიად ორგანიზებულად „ქართული ოცნების“ მამა მარჩენალმა დაიწყო მიჭირხვნის კამპანია რესპუბლიკელების წინააღმდეგ და მისი გამხმოვანებელი გახდა, დიდი აქტიურობით, ბატონი მეჭიაური თვეების განმავლობაში, რაც მიმანიშნებელია, რომ აქამდე მდუმარებით გამორჩეული პარლამენტარი აღმოჩნდა რუპორი სრულიად მკაფიოდ გამოსახული პიროვნებისა, რომელსაც აქტიურად შეუერთდა „მრეწველთა“ პარტიაც. მკაფიო იყო, რომ ალასანიას პარტია ერთადერთი არ იქნებოდა, რომელიც განერიდებოდა ასეთ რეალობას. მართალია დიდი სურვილი განცალკევებისა „რესპუბლიკელებს“ არ გაუმჟღავნებიათ, იმიტომ, რომ სრულიად საფუძვლიანად ეკავათ შესაბამისი თანამდებობები აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც, მაგრამ არამგონია, რომ რაიმე ხინჯი აღმოჩნდეს „რესპუბლიკელებისთვის“ თუ ისინი მხოლოდ პოლიტიკური ძალით იბრძოლებენ და არა საკუთარი არსებობით აღმასრულებელ ხელისუფლებაში. შემდგომ რასაკვირველია, არ გამოვრიცხავ ერთობას ბატონი უსუფაშვილისა და ალასანიასი, მაგრამ ეს მხოლოდ იმის შემდეგ, ვის რა წარმატება ექნება არჩევნებზე.
– როგორ წარმოგიდგენიათ „თავისუფალი დემოკრატების“ პოლიტიკური მომავალი?
– NDI-ის და IRI-ის თუ არა, შეერთებულ შტატებს მაინც ვცეთ პატივი და დავიჯეროთ, რომ უკვე სოლიდური წინსვლა აქვთ „თავისუფალ დემოკრატებს“, როდესაც ისინი ორივე შემთხვევაში აღმოჩნდენ ბარიერზე მაღალი შედეგების მომპოვებლები. ეს მოულოდნელობა არ გახლავთ, რადგან ფაქტობრივად უკვე 2014 წლის ოქტომბრიდან დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია ამ პარტიამ და შეაჩვია თავისი თავი, როგორც ყველაზე ღირსეულმა ოპოზიციურმა ძალამ, რომელსაც ჯვარი არ დაუწერიათ „ნაციონალურ მოძრაობაზე“
– „პატრიოტთა ალიანსს“ რაც შეეხება. კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მათთან და ნინო ბურჯანაძის პარტიასთან ალიანსს არც ახლა და არც მომავალში არ გეგმავს. რატომ გამორიცხავს კატეგორიულად პრემიერი მასთან ალიანსს? იმიტომ რომ ისინი პრო-რუსული პარტიები არიან? მაშინ თავაც „ქართულ ოცნებაზეც“ ასე ამბობდნენ, მაგრამ მან თავისი მოღვაწეობით დაადასტურა, რომ მათი გეზი მთლად პრორუსული არ არის…
– თუ ისევ ამერიკულ წყაროებს დავეყრდნობით, მაშინ ამერიკული კონგრესიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ჩვენს პრემიერ-მინისტრს უმალ თავის წარმომდეგენლთან აქვს ურთიერთობა გასაწყვეტი და შემდეგ რომელიმე სხვა პარტიასთან – თუ რუსეთთან პოზიტიური დამოკიდებულებაა საფუძველი მისი განცხადებისა, რომელსაც თქვენ ბრძანებთ, მაგრამ ჩემი აზრით, ეს განცხადება არა პრორუსულობის ბრალია, არამედ ნაკლები გამოცდილებისა, როგორც პოლიტიკოს კვირიკაშვილისა, რომელსაც დიდი ხანია ვიცნობ. უაღრესაც დიდი პატივისცემით მოვიხსენიებ მას ყველგან და ყოველთვის საკუთარი ცხოვრების წესის და უნარების გამო, ნამდვილად საუკეთესო პრემიერ-მინისტრია არა მხოლოდ 21-ე საუკუნისა და ამასთანავე შეცდომად ჩავუთვლი მის განცხადებას არა პარტია „ოცნების“ თავკაცს, არამედ როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრს. პრემიერ-მინისტრს არ აქვს უფლება, მითუმეტეს მაშინ, როდესაც მას აქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მის მიერ ხსენებულ პოლიტიკურ პარტიებს გააჩნია საკმარისი მხარდაჭერა ამომრჩევლებისაგან, რომ წინასწარ გაუბედოს ამ ნაწილს ჩვენი მოსახლებისა, რომ მე თქვენთან არ ვითანამშრომლებ. ეს ვნებს ქვეყანას, კვირიკაშვილს და იმედი მაქვს, რომ ამ შეცდომას ის თავის გამოსვლებში აღარ გაიმეორებს.
– ირმა ინაშვილმა ამასწინათ განაცხადა, რომ არ გამორიცხავს „მრეწველებთან“ ალიანსს…
– გამოსარიცხი ნამდვილად არ აქვს. თანამებრძოლებს უნდა ჰქონდეთ მკაფიო მიზეზი გაერთიანებისა. თუ ასე შედგა, ეს იქნება თავშესაფარი, რადგან არ ვარ დარწმუნებული, რომ ისინი დამოუკიდებლად აღმოჩნდებოდნენ პარლამენტში.
– თუ მოხდა ისე, რომ უმრავლესობა ვერცერთმა პარტიამ ვერ მიიღო, ვარაუდობთ რომ ამ პირობებში მულტიპარტიული პარლამენტი ჩამოყალიბდება?
– შეიძლება კი არა, სხვა გამოსავალი არ არის. ვერცერთი ცალკე აღებული პარტია სამართლიანი არჩევნების პირობებში ვერ მოიპოვებს უმრავლესობას დამოუკიდებლად. წავიდა ის დრო, როცა ყველაფერის და ყველგან გაყალბების საშუალებას იძლეოდა. ჩვენი დასავლელი მეგობრებისა და პარტნიორების მიდგომაც ემთხვევა მოსაზრებას იმისა, რომ დამკვირვებლები არჩევენების დღის წინა კვირაში კი არ უნდა ჩამოვიდნენ საქართველოში, არამედ რამდენიმე კვირით ადრე, რომ საკუთარი თავი კარგ სპორტულ ფორმაში აღმოაჩინონ წინასაარჩევნო პერიოდის აქტიური შესწავლის შედეგად. ამიტომ, როცა დადგება აუცილებლობა მმართველი კოალიციის შექმნის, აი მანდ გამოჩნდება რეალური სახე თითოეული სუბიექტისა, ვინც აღმოჩნდება ახალ პარლამენტში, რადგან ამ შემთხვევაში მოულოდნელობებს არ გამოვრიცხავ.
– ბატონო სოსო, IRI_ის კვლევის შედეგების მიხედვით, პაატა ბურჭულაძე საზოგადოებაში დიდი მოწონებით სარგებლობს – 75%. როგორ ფიქრობთ, რითი დაიმსახურა მან საზოგადოების ასეთი სიმპათია?
– ჩემთვის მოულოდნელი იყო ბატონი პაატას შეყვანა პოლიტიკოსების რიგში, თუმცა რეალობა ჯერ კიდევ გვაძლევს საშუალებას იმისა, ვიფიქროთ, რომ ბატონი პაატასგან მივიღოთ ახალი წარმატებების მაცნე პოლიტიკოსი, მაგრამ ეს არის არა მხოლოდ ბატონი პაატას დამსახურება საკუთარი ცხოვრების წესით, არამედ ნიჰილიზმი ჩვენი არსებული პოლიტიკური სივრცის მიმართ. დიახ, უმწიკვლო ავტორიტეტი ვერავინ შეინარჩუნა და ასეც იქნებოდა, რადგან ჩვენთან პოლიტიკური განსხვავებები პოლიტიკურ საკითზე მუდმივად გადაიზრდება ხოლმე ერთმანეთის მიმართ სრულიად აშკარა ბრალდებებით, შეურაცხყოფებით და მობეზრდათ ადამიანებს, როცა ყველა ყველას ლანძღავს, ყველას საკუთარი თავი მიაჩნია ყველაზე საუკეთესოდ და ამიტომ, როდესაც აღმოაჩინეს შესაძლებელი, რომ ქვეყნის განვითარებაში პირადი წვლილი შეიტანოს ადამიანმა, რომლის მიმართ არავის აქვს პრეტენზია, არც მის უნარის მიმართ, არც მის წარმატებებზე აქვთ რაიმე არასასიკეთო ხაზი სადმე დანახული, რადგან ეს არის სპეტაკი ბუნების მქონე, სიკეთისმთესველი. სიკეთე არის მოლოდინი და სურვილი ჩვენი ამომრჩევლების. ამიტომაც, თუ ბატონი პაატა გადაწყვეტს რომელიმე პოლიტიკურ ძალას ჩაუდგეს სათავეში, მართალია ის გაწირავს საკუთარ თავს ცილისწამებისთვის, მაგრამ ეს კიდევ უფრო დააკნინებს ნეოცილისმწამებელთა არსებობას პარლამენტში.
– თქვენი პოლიტიკური გემოვნებიდან გამომდინარე, რომელი პარტიების ალიანსები იქნება მომგებიანი?
– არ გამიკვირდება, რომ კოალიციის შექმნის სურვილის შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობის“ პარტნიორი აღმოჩნდეს „ლეიბორისტული“ პარტია, ისევე, როგორც არ გამიკვირდება, რომ „ლეიბორისტული“ პარტია გახდეს წევრი ახალი პარლამენტის.
– კი მაგრამ, „ლეიბორისტები“ მუდმივ წინააღმდეგობაში არიან და მკაფიოდ საპირისპირო განცხადებებს აკეთებენ „ნაციონალების“ მისამართით. რომ აღარაფერი ვთქვათ მათი პოლიტიკური იდეოლოგიის და ხედვათა განსხვავებულობაზე… როგორ მოხერხდება ეს?
– ძალიან გაუხანგრძლივდა წინააღმდეგობა და ახლა დროა მეგობრობისთვისაც, როდესაც მოწინააღმდეგეები მას კვლავაც ბევრი ჰყავს. არ გამოვრიცხავ ისევ ალიანსს „თავისუფალი დემოკრატებისა“ და „რესპუბლიკურ პარტიას“ შორის თუ ჩამოყალიბებული რეალობა რაიმე აუცილებლობას წარმოადგენს უმრავლესობის მოსაპოვებლად. საინტერესო იქნება ნებისმიერი პარტია, რომელიც იფიქრებს კოალიციაზე და გამიკვირდება ძალიან და ამას პროგნოზად ამიტომ არ ვაცხადებ, რომ ქალბატონი ბურჯანაძის პარტია ან „პატრიოტთა ალიანსი“ გახდებიან კოალიციის წევრი, გარდა ამ ორი სუბიექტის მიერ წარმოდგენილ კოალიციისა. რადგან ისინი ორივენი ძალიან კრიტიკულები არიან და იყვნენ როგორც ყოფილი, ასევე დღევანდელი ხელისუფლების მიმართ, მათთვის მიუღებელია ბევრი ასეთი ქმედება, რასაც ვაწყდებოდით წლების განმავლობაში და მემგონი მათ ექნებათ შესაძლებლობა ასეთი კოალიციით, რომ ყველას დაუმტკიცონ, ისინი არ ყოფილან პრო-რუსულები. შესაძლოა, მათ წრეებში არიან ადამიანები, რომელთაც სენის სახით გამოჰყვა პოსტსაბჭოთა განწყობები და ამის საფუძველიც არსებობს, რადგან საბჭოთა კავშირი არის ის, სადაც ტერმინები უმუშევრობა და უმუშევარი არ იხსენიებოდა, იმიტომ, რომ არ იყო ასეთი საჭიროება და დღევანდელი უმუშევრობის ფონზე, ბუნებრივია, უსამსახუროდ დარჩენილ ადამიანებს ჰქონდეთ გარკვეული ნოსტალგია, ოღონდ „საბჭოთა კავშირის“ მიმართ და არა, მისგან განსხვავებული დღევანდელი რუსეთის მიმართ.
ჩემთვის ბუნებრივი იქნება ამ ორი პარტიის შერწყმა. არ ვარ დარწმუნებული, რომ ამ პარტიის ლიდერები თავად ასე ფიქრობდნენ, მაგრამ ყველა თუ საკუთარ ოცნებებზე საუბრობს, მე თავს უფლებას ვაძლევ, რომ მე ჩემს ვერსიებზე ხმამაღლა განვაცხადო.
ნინო ცხადაია