აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია, არ ვარ პოლონეთის ხელისუფლების მიერ დასაქმებული, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებზე კი არ მიგრძვნია ჩემ მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება” – პატრიცია გრჟებიკი

ყველა ჩემი ფუნქცია, რომელიც შევასრულე როგორც დამოუკიდებელმა ექსპერტმა და რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ იქნა აღნიშნული, ჩემი აზრით, მხოლოდ ამტკიცებს, რომ მაქვს საჭირო კვალიფიკაცია. არ მესმის რანაირად შეიძლება ჩემს პროფესიულ კარიერასთან დაკავშირებული ფაქტები ინტერპრეტირებული იქნას როგორც ინტერესთა კონფლიქტი – არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია, – ამის შესახებ „მოსკოვის მექანიზმის“ მომხსენებელმა, საქართველოს საკითხზე მომზადებული ანგარიშის ავტორმა პატრიცია გრჟებიკმა „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა რითაც მის მიერ მომზადებულ ანგარიშთან მიმართებაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პრეტენზიებსა და კრიტიკას უპასუხა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, საქართველოში მისი ვიზიტი საუკეთესოდ იყო ორგანიზებული საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებზე კი სკეპტიკური დამოკიდებულება არ უგრძნია, არამედ თანამშრომლობის სულისკვეთება და საქართველოში არსებული სიტუაციის გარკვევის სურვილი.

„ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოში მთელი ვიზიტი საუკეთესოდ იყო ორგანიზებული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. მე მქონდა შესაძლებლობა შევხვედროდი სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტის უმაღლესი თანამდებობის პირებს. ასევე, მქონდა საკმაოდ ხანგრძლივი დისკუსია საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. ჩემი აზრით, შეხვედრები კონსტრუქციული იყო, მქონდა კითხვების დასმის შესაძლებლობა, მივიღე პასუხები და ქვეყნის დატოვების შემდეგაც კი მივიღე დამაზუსტებელი პასუხები. ვეცადე, სახელმწიფოს პოზიცია ანგარიშში წარმომედგინა. შევნიშნე, რომ ხელისუფლების რეაქცია განსაკუთრებით მტრულია ჩემი ანგარიშის რეკომენდაციების ნაწილის მიმართ. ასევე, ჩემი აზრით, ანგარიშში ფაქტები წარმოდგენილია სამართლიანად, სხვადასხვა ჩართული პირის, მათ შორის, საქართველოს ხელისუფლების პოზიციის დაფიქსირებით. არც ერთი შეხვედრის დროს მე არ მიგრძნია სკეპტიკური დამოკიდებულება, არამედ თანამშრომლობის სულისკვეთება და საქართველოში არსებული სიტუაციის გარკვევის სურვილი.

ამასთან, მე არ ვყოფილვარ დანიშნული პოლონეთის მიერ, არამედ ვიყავი დანიშნული ეუთოს მიერ და შევასრულე სწორედ ეუთოს მომხსენებლის მოვალეობა. ჩემთვის ცნობილი არ არის მოსკოვის მექანიზმის ინიცირების მიზნით სახელმწიფოთა კოალიციების შექმნის პროცესი, შესაბამისად, არ ვიცი რა სახის იყო პოლონეთის უშუალო ჩართულობა. მე უნდა შემესრულებინა მისია, რომელიც მოითხოვდა ჩემს სამართლებრივ ცოდნას და ნებისმიერი სახის პოლიტიკური მოტივაცია არარელევანტური იყო ჩემი მისიისთვის. როგორც უკვე აღვნიშნე, არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია არავისგან. აქვე, უნდა აღვნიშნო, რომ არ ვარ პოლონეთის ხელისუფლების მიერ დასაქმებული. ვარ ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი. ექსპერტად ყოფნისას, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებამ წარსულში მთხოვა ექსპერტის მოსაზრებები. მართლაც, მე ვიყავი პოლონეთის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი წამების საწინააღმდეგო კომიტეტში, მაგრამ როგორც CAT-ის წევრობის აღწერაში შეიძლება წაიკითხოთ, წევრები (შესაბამისად, კანდიდატებიც) დამოუკიდებლები უნდა იყვნენ. მე არ ვარ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებული კვლევითი ცენტრის საბჭოს წევრი, მხოლოდ ვარ საგარეო საქმეთა სამინისტროს იურიდიული მრჩევლების საკონსულტაციო საბჭოს წევრი, რომელიც დამოუკიდებელი ექსპერტებისგან შედგება.

ყველა ჩემი ფუნქცია, რომელიც მე შევასრულე როგორც დამოუკიდებელმა ექსპერტმა და რომლებიც აღნიშნულ იქნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ, ჩემი აზრით, მხოლოდ ამტკიცებს, რომ მე მაქვს საჭირო კვალიფიკაცია. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ფოტოები, სადაც მე მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში ვარ, გამოყენებულია ჩემი დისკრედიტირებისთვის, თუმცა ყველა საერთაშორისო იურისტისთვის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს სხდომებში მონაწილეობა, დიდ პროფესიულ მიღწევას აღნიშნავს, შესაბამისად, არ მესმის რანაირად შეიძლება ჩემს პროფესიულ კარიერასთან დაკავშირებული ეს ან სხვა ფაქტები ინტერპრეტირებული იქნას როგორც ინტერესთა კონფლიქტი. ჩემი ერთადერთი ინტერესი იყო მისიის შესრულება. მე არ მქონია სხვა დღის წესრიგი“, – განაცხადა ანგარიშის ავტორმა.

იტვირთბა....