აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“გაერთიანებული „ნაციონალური მოძრაობა“ არის საქართველოს დამოუკიდებლობის მტერი, ამიტომ დადიან საზღვარგარეთ, ამიტომ ცდილობენ უცხოური დახმარების მიღებას” – შალვა პაპუაშვილი

ახლახან აღვნიშნეთ საქართველოს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის 35 წლისთავი, სიმბოლურია, რომ ვხედავთ ჯგუფებს, რომლებიც დამოუკიდებლობას ებრძვიან, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილმა უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, რომლის მიხედვით, „ოპოზიციის ალიანსის“ წევრები – ლევან სანიკიძე, თინა ბოკუჩავა და თამარ ჩერგოლეიშვილი თურქეთში იმყოფებიან.

შალვა პაპუაშვილის თქმით, გაერთიანებული „ნაციონალური მოძრაობა“ არის საქართველოს დამოუკიდებლობის მტერი.

„ჩვენ ახლახან, 31 მარტს აღვნიშნეთ საქართველოს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის 35 წლისთავი. ძალიან სიმბოლურია, რომ დღეს ვხედავთ იმ ჯგუფებს, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობას ებრძვიან. ესენი არიან ჯგუფები, რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტის და ამოუკიდებლობის წინააღმდეგ მოქმედებენ, ვინაიდან მათი პოლიტიკური გზა არის გზა უცხოელების დახმარებით ხელისუფლების შეცვლისა, არადემოკრატიული გზით. ასე რომ, დღეს ეს არჩევანია. კვლავ გაერთიანებულმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ არჩევანი დგას დამოუკიდებლობის მომხრეებსა და დამოუკიდებლობის მოწინააღმდეგეებს შორის. გაერთიანებული „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ყოფნისას აჩვენებდა, რას ნიშნავს, როცა არ ხარ დამოუკიდებელი ქვეყანა და მოქმედებ უცხოელების დავალებით. რა ამბებშიც გახვია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლებაში ყოფნისას საქართველო, ომებისა და კრიზისების ჩათვლით, ეს არის ზუსტად ის, რასაც ნიშნავს, რომ არ იყო დამოუკიდებელი ქვეყანა. არის დამოუკიდებლობის მომხარე ქართველი ერი, რომელმაც „ქართულ ოცნებას“ მისცა სახელისუფლებლო მანდატი. სწორედ ჩვენმა დამოუკიდებელმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, რომ გვაქვს ეკონომიკური ზრდა და არა ეკონომიკური კოლაფსი, როგორც ამას დამოუკიდებლობის მოწინააღმდეგეები მოგვიწოდებდნენ სანქციების დაწესებით და რუსეთთან ესკალაციის გზით; და გვაქვს ჩვენ შესაძლებლობა, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები წინ წავწიოთ.

ეს არის მაგალითი, რას ნიშნავს, იყო საქართველოს დამოუკიდებლობის მტერი. გაერთიანებული „ნაციონალური მოძრაობა“ არის საქართველოს დამოუკიდებლობის მტერი. ამიტომ დადიან სხვადასხვა ქალაქში, საზღვარგარეთ, ამიტომ ცდილობენ, უცხოური დახმარება მიიღონ. პირდაპირ ამას ეუბნებიან, დადიან გეგმით, მათი ხელისუფლების მოსვლის შემთხვევაში, როგორ მოემსახურება საქართველო და ქართველი ხალხი უცხო ქვეყნების ინტერესებს. ვნახოთ, ვის დარწმუნებას შეძლებენ ან არ შეძლებენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

იტვირთბა....