ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ დირექტორს, ფლორენს ბაუერს შეხვდა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ სარჯველაძემ და ფლორენს ბაუერმა UNFPA-ს მხარდაჭერით მიმდინარე ერთობლივ პროგრამებზე ისაუბრეს.
მათივე ცნობით, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა გაერო-ს მოსახლეობის ფონდის მიერ საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვასა და დემოგრაფიული მდგრადობის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე.
„ამასთან, მიხეილ სარჯველაძემ პარტნიორობისა და ეფექტური თანამშრომლობისთვის ფლორენს ბაუერს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ასეთი ნაყოფიერი შეხვედრები ხელს შეუწყობს მომავალში კიდევ უფრო ეფექტურ თანამშრომლობას. მხარეებმა დემოგრაფიული მდგრადობის, გენდერული თანასწორობისა და ახალგაზრდების გაძლიერების საკითხები განიხილეს. ასევე, იმსჯელეს გაერო-ს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოდოკუმენტის (2026-2030) ფარგლებში მიმდინარე თანამშრომლობაზე და მომდევნო ფაზაში დაგეგმილ აქტივობებზე. შეხვედრაზე განიხილეს სამომავლოდ კიდევ უფრო აქტიური თანამშრომლობის საკითხები და ერთობლივი გეგმები“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ადგილობრივი ოფისის წარმომადგენლები.

