აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიმართვის შემდეგ, ირანის სამხედრო ძალები მოწინააღმდეგეების განადგურებით იმუქრებიან. ირანის სამხედრო შტაბის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ომი იქამდე გაგრძელდება, ვიდრე აშშ და ისრაელი „დამცირებას, სირცხვილს, მუდმივ სინანულს და საბოლოო კაპიტულაციას“ არ წააწყდებიან.
„იმ ძლიერი და წარმოუდგენელი დარტყმების შემდეგ, რაც უკვე მიიღეთ, ელოდეთ ჩვენგან კიდევ უფრო გამანადგურებელ, უფრო ფართომასშტაბიან და დამანგრეველ ქმედებებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ირანის სამხედრო შტაბის წარმომადგენელმა ასევე უარყო, დონალდ ტრამპის განცხადება, რომლის მიხედვითაც ირანის სამხედრო ძალები მნიშვნელოვნად არის დასუსტებული და აღნიშნა, რომ „აშშ-მა არაფერი იცის ირანის ფართო და სტრატეგიული შესაძლებლობების შესახებ“.
„ის ობიექტები, რომლებიც ფიქრობთ, რომ მიზანში ამოიღეთ, უმნიშვნელოა. ჩვენი სტრატეგიული სამხედრო წარმოება მიმდინარეობს ისეთ ადგილებში, რომელთა შესახებაც თქვენ სრულიად არაფერი იცით და რომლამდე მიღწევასაც ვერასდროს შეძლებთ“, – აღნიშნულია ირანული მხარის განცხადებაში.

