ციხეებში პოლიტიკური პროცესის მონაწილეები არ გვყავს, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა კრემლში რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა.
ნიკოლ ფაშინიანმა ვლადიმერ პუტინის განცხადებას უპასუხა იმის შესახებ, რომ სომხეთში ციხეებში „რუსული პასპორტების მქონე ბევრი პოლიტიკოსია“.
„გულწრფელად ვამბობ, ჩვენ ციხეებში პოლიტიკური პროცესის მონაწილეები არ გვყავს“, – უპასუხა ფაშინიანმა.
ასევე, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ 7 ივნისს დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ სომხეთის მოქალაქეებს შეუძლიათ.
„მსურს, თქვენი ყურადღება მივაპყრო იმ ფაქტს, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ სომხეთის მოქალაქეობის მქონე პირებს შეუძლიათ. რუსეთის მოქალაქეობის მქონე პირების მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად, სომხეთის კონსტიტუციის მიხედვით, არ შეიძლება ისინი დეპუტატობის ან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატები იყვნენ“, – აღნიშნა ფაშინიანმა.

