აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“1 თვის წინ იყო საპარლამენტო დელეგაცია აშშ-ში, მაშინაც ითქვა, რომ მარტში იქნებოდა გარკვეული კონტაქტები – ვხედავთ, რომ პროცესი მიმდინარეობს და სახელმწიფო მდივანისა და პრემიერის საუბარი ამის ლოგიკური გაგრძელებაა” – ირაკლი ქადაგიშვილი

ჩვენ სრული მზაობა გვაქვს გამოხატული იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო-აშშ-ის ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან განახლდეს – მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძეს შორის კომუნიკაცია იძლევა საშუალებას, რომ ეს საკმაოდ გაწელილი პროცესი, ამის შემდეგ, უფრო დინამიურად, შინაარსობრივად და დატვირთულად გაგრძელდება, – ამის შესახებ  ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, „ყოველი კონტაქტი ემსახურება იმ საკითხს, რომ საბოლოო ჯამში, ურთიერთობების გადატვირთვა, რეალურად მოხდეს“.

„საზოგადოებისთვის და ამერიკული მხარისთვისაც კარგად არის ცნობილი, რომ ჩვენ სრული მზაობა გვაქვს გამოხატული იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან განახლდეს, სტრატეგიული თანამშრომლობა მართლაც მაღალ დონეზე იქნას აყვანილი და ორმხრივი, სარგებლიანი ურთიერთობა გვქონდეს. ეს ზარი და კომუნიკაცია იძლევა საშუალებას, რომ ეს საკმაოდ გაწელილი პროცესი, ამის შემდეგ, უფრო დინამიურად, შინაარსობრივად და დატვირთულად გაგრძელდება.

ყოველი კონტაქტი ემსახურება იმ საკითხს, რომ საბოლოო ჯამში, ურთიერთობების გადატვირთვა, რეალურად შედგეს. მოგეხსენებათ, დაახლოებით ერთი თვის წინ საპარლამენტო დელეგაცია აშშ-ში იყო ჩასული. დელეგაციას შეხვედრები ჰქონდა სახელმწიფო დეპარტამენტში, უშიშროების საბჭოში, თეთრ სახლში, ომის დეპარტამენტში და ყველგან, რა თქმა უნდა, ხაზგასმული იყო ურთიერთობის განახლების და ახალ დონეზე აყვანის მნიშვნელობა. მაშინაც ითქვა, რომ მარტის თვეში იქნებოდა გარკვეული კონტაქტები, რომელიც ამ ურთიერთობების გადატვირთვას მოემსახურებოდა. ვხედავთ, რომ ეს პროცესი მიმდინარეობს და სახელმწიფო მდივანსა და პრემიერს შორის შემდგარი საუბარი ამის ლოგიკური გაგრძელებაა და მე ვფიქრობ, უფრო დიდი იმპულსის მომცემია მომავლისთვის. ზოგადად, რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა განვიხილოთ იმ კონტექსტში, რომ გეოპოლიტიკური ვითარება არის შესაბამისი, რაც საქართველოს, როგორც სტაბილური და პასუხისმგებლიანი ქვეყნის საჭიროებას საერთაშორისო ურთიერთობებში კიდევ ერთხელ წარმოაჩენს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ირაკლი კობახიძეს ესაუბრა.

იტვირთბა....