აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“იმ ფონზე, როცა რეგიონში უმძიმესი ვითარებაა და ქვეყანაში მწვავე პოლიტიკური კრიზისია, რომელიც აზიანებს ყველა ქართველის ეროვნულ ინტერესებს, ცხადია, მისასალმებელია აშშ-ის მეტი ჩართულობა” – გრიგოლ გეგელია

იმ ფონზე, როდესაც რეგიონში არის უმძიმესი ვითარება და ქვეყანაში არის ძალიან მწვავე პოლიტიკური კრიზისი, რომელიც აზიანებს ყველა ქართველის ეროვნულ ინტერესებს, ცხადია, მისასალმებელია ამერიკის შეერთებული შტატების მეტი ჩართულობა, – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანმა გრიგოლ გეგელიამ, ირაკლი კობახიძესა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შორის შემდგარი სატელეფონო კომუნიკაციის შეფასებისას განაცხადა.

გეგელიას თქმით, არის კონკრეტული პოლიტიკური ფასი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ აშშ-სთან ურთიერთობის სტაბილიზაციისთვის უნდა გადაიხადოს.

„ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, რომ გასული წელიწად ნახევრის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატები მუდმივად მოუწოდებდა რეჟიმს კონკრეტული ტიპის ნაბიჯების გადადგმისკენ, რაც იყო დაწესებული ერთგვარ ფასად იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში, დასტაბილურდეს ურთიერთობები აშშ-სა და საქართველოს შორის. ეს არის ის პოლიტიკური ფასი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გადაიხადოს კონკრეტული ნაბიჯების სახით, სტაბილიზაციისთვის და, რა თქმა უნდა, რუბიოს ზარი მოასწავებს იმას, რომ ამ მიმართულებით არის წიაღსვლა, რადგან აშშ-ს გააჩნია ძალიან კონკრეტული ხედვა იმასთან დაკავშირებით თუ რომელი რეჟიმი რა ტიპის ქმედებებს უნდა ეწეოდეს იმისთვის, რომ ამერიკას ჰქონდეს მათთან სტაბილური ურთიერთობები“, – განაცხადა გეგელიამ.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო , ირაკლი კობახიძეს ესაუბრა. ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მათ ორმხრივი ინტერესის სფეროები განიხილეს.

„სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ესაუბრა. მათ ორმხრივი ინტერესის სფეროები განიხილეს, მათ შორის კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოება“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

იტვირთბა....