ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ირანს აშშ-სთან პირდაპირი მოლაპარაკებები არ ჰქონია. მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უწყების პრესსპიკერმა ესმაილ ბაგაიმ განაცხადა.
„ის, რაც განვიხილეთ, იყო შუამავლების მეშვეობით მიღებული შეტყობინებები, რომლებშიც ნათქვამია, რომ აშშ-ს მოლაპარაკებები სურს. ირანმა თავიდანვე ნათლად გამოხატა თავისი პოზიცია და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რა ჩარჩოს განვიხილავთ. ჩვენთვის მოწოდებული მასალა გადაჭარბებული და დაუსაბუთებელი მოთხოვნები იყო“, – აღნიშნა ბაგაიმ.
პაკისტანმა, რომელიც ვაშინგტონსა და თეირანს შორის პოტენციურ შუამავლად ითვლება, კვირას საუდის არაბეთთან, თურქეთთან და ეგვიპტესთან ოთხმხრივი შეხვედრა გამართა. ამასთან, მედიის ინფორმაციით, გასულ კვირას აშშ-მა ირანს ცეცხლის შეწყვეტის 15-პუნქტიანი წინადადება წარუდგინა, რომელიც მოიცავდა ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნას და ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვასთან დაკავშირებულ საკითხებს, თუმცა თეირანმა ეს გეგმა უარყო და ალტერნატივები შესთავაზა.

