აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკიმ იორდანიის მეფესთან უსაფრთხოების სფეროში შესაძლო პარტნიორობა განიხილა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იორდანიის მეფე აბდულა II-თან შეხვედრისას უსაფრთხოების სფეროში შესაძლო პარტნიორობის საკითხი განიხილა.

„შევხვდი იორდანიის მეფე აბდულა II-ს. განვიხილეთ პოტენციური პარტნიორობა უსაფრთხოების სფეროში, ასევე ახლო აღმოსავლეთსა და სპარსეთის ყურის რეგიონში არსებული საერთო ვითარება. უკრაინა ღიაა დრონებისა და სარაკეტო თავდასხმებისგან თავდაცვის მიზნით ერთობლივი მუშაობისთვის. ჩვენივე გამოცდილებიდან ვიცით, რომ ერთიანი სისტემის გარეშე, უბრალოდ შეუძლებელია ადამიანებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ყოვლისმომცველი დაცვა. ჩვენ გვაქვს ასეთი სისტემა, რადგან რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დროს, იძულებულები ვართ თავი დავიცვათ რუსეთის მხრიდან მუდმივი თავდასხმებისგან, მათ შორის ირანული დრონების გამოყენებით განხორციელებული თავდასხმებისგან“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისინი, ვისაც უკრაინა თავის ექსპერტიზას სთაავაზობს, ასევე დაეხმარონ ქვეყანას გაძლიერებაში.

„მადლობას ვუხდი მის უდიდებულესობას შეხვედრისთვის და დიალოგისადმი მისი გახსნილობისთვის“, – აცხადებს ზელენსკი.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტი იორდანიაში გუშინ ჩავიდა. მანამდე კი ის საუდის არაბეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და კატარში იმყოფებოდა.

იტვირთბა....