ბოლო 22 წელია ვაკვირდებით ორგანიზებულ კამპანიას ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ, რომელსაც აქვს ცხადი მიზანი – იმ ორგანიზაციის დისკრედიტაცია, რომელსაც ყველაზე დიდი ავტორიტეტი აქვს საქართველოში, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ეკლესიის დისკრედიტაციის მცდელობა სინამდვილეში ლამის რელიგიური ომია, რომლის მიზანია, საქართველოში იმ სულიერი საყრდენის ჩანაცვლება, რომელმაც საუკუნეები გამოგვატარა.
„გუშინ სოციალურ ქსელში გამოვაქვეყნე 2004 წლის პატრიარქის ინტერვიუ, რომელიც იმ პერიოდს ეხება, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ახალი მოსული იყო ხელისუფლებაში და პატრიარქი უკვე გვაფრთხილებდა, რასთან გვქონდა საქმე. საუბრობს მძიმე წელზე, როდესაც იყო ანტიეკლესიური კამპანიაზე და რომელიც, პატრიარქის აზრით, გარედან იყო ორგანიზებული. ასე რომ, ამას ვაკვირდებით ბოლო 22 წელია – ორგანიზებულ კამპანიას ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ, რომელსაც აქვს თავისი ცხადი მიზანი. მიზანია იმ ორგანიზაციის დისკრედიტაცია, რომელსაც ყველაზე დიდი ავტორიტეტი აქვს საქართველოში; იმ ეკლესიის დისკრედიტაცია, რომელიც წარმოადგენს ქართული საზოგადოებისთვის სულიერ საყრდენს, რათა შემდგომ საკუთარი იდეოლოგიით ჩაანაცვლონ. ეს, სინამდვილეში, ლამის რელიგიური ომია, რომლის მიზანია საქართველოში იმ სულიერი საყრდენის ჩანაცვლება, რომელმაც საუკუნეები გამოგვატარა.
რასაც ვაკვირდებით, არის ის, რომ ბრიუსელის ბიუროკრატია და ზოგიერთი ევროპელი ლიდერი ცდილობენ, ევროკავშირი ერთგვარ ფსევდორელიგიად აქციონ. მათში უკვე ვხედავთ ბევრ ფსევდორელიგიურ ნიშანთვისებას, როდესაც საუბრობენ ფასეულობებსა და ღირებულებებზე, ოღონდ, როგორც წესი, შინაარსს არ აკონკრეტებენ. ასევე ვხედავთ მათ ადგილობრივ ადეპტებს საქართველოში, რომლებსაც აქვთ ყოველდღიური რიტუალები, ქცევის წესები და შეძახილები. ისინი აბსოლუტურად ფუნდამენტალისტებივით იქცევიან, როდესაც საქმე ეხება ბრიუსელსა და ევროკავშირს, კრიტიკის დაშვებაც არ სურთ. ესენი არიან ჩვეულებრივი ფუნდამენტალისტი ადამიანები, რომლებსაც ევროკავშირი ფსევდორელიგიად აქვთ აყვანილი. შესაბამისად, ჩვენ სწორედ ამას ვხედავთ. ამაზე საუბრობდა პატრიარქი ჯერ კიდევ 2004 წელს, იმ მეთოდებზე, რომლებიც მაშინ დაიწყეს და რასაც ჩვენ იმ პერიოდში ისე ვერ ვამჩნევდით. პატრიარქი საუბრობდა კლიშეების მიკერების მცდელობაზე, ჯერ „ანტიდასავლურის“, შემდეგ „პრორუსულის“. სწორედ ამ კლიშეებით მიმდინარეობდა მუშაობა დისკრედიტაციის მიზნით.
ვნახეთ, რომ ეკლესიის დისკრედიტაციაში ჩართული ადამიანები პირდაპირ საზღვარგარეთიდან ფინანსდებოდნენ. შეგახსენებთ, საფრანგეთის დაფინანსება ყველაზე ბოლოს მიიღო „სოვ ლაბმა“. იმ ხალხმა, რომელიც ეკლესიის დისკრედიტაციით იყო დაკავებული. გახსოვთ გიორგი კანდელაკის საკითხი სამებაში ხატთან დაკავშირებით. ამ ყველაფრის შემდეგ დაფინანსება საფრანგეთიდან მიიღეს. ევროკავშირის და სხვა უცხოური წყაროებიდან დაფინანსება ჰქონდა ე.წ. ტოლერანტობის ცენტრს, რომელსაც სახალხო დამცველთან არსებულს უწოდებდნენ, თუმცა ეს იყო ჩვეულებრივი აფერისტობა. მათ არანაირი კავშირი არ აქვთ სახალხო დამცველთან. ამ ტერმინსაც კონსტიტუციიდან გვართმევდნენ, თითქოს რაღაც კონსტიტუციურ ორგანოსთან არსებული ჯგუფია. ეს ადამიანები პირდაპირ დაკავებული იყვნენ არა მხოლოდ ეკლესიის, არამედ პატრიარქისა და კონკრეტული პირების დისკრედიტაციით. შესაბამისად, ეს ყველაფერი, წლებია, გარე დაფინანსებით მიმდინარეობს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
ამასთან, მისივე თქმით, „მიუხედავად იმ მილიონებისა, რომლებიც ჩაისხა ქართველი ხალხის წინააღმდეგ, სულიერი საყრდენის დისკრედიტაციის მიზნით, ეს ყველაფერი წყალში გადაიარა“.
„ერთ დღეში ნახეს, რომ ქართულმა საზოგადოებამ თავისი პოზიცია დაანახა ყველაფერთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, რამდენიმე ელჩი შოკში იქნებოდა, როდესაც დაინახა, რომ ეკლესიისთვის ძირის გამოთხრის ყველა მცდელობა ფუჭი აღმოჩნდა. მილიონნახევარზე მეტი ადამიანი ვნახეთ სამების ტაძარში და დავინახეთ, სად არის ერი და სად არიან პროტესტანტები, რომლებსაც უნდათ, თავი ქართველ ერად შემოგვასაღონ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

