ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

ლანა პაპიძე „მეტრონომთან“ მისი დის საქმეში ძმები ბერძენიშვილების შესაძლო კავშირზე საუბრობს

 

ქმრისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულის, მაგდა პაპიძის დის, ლანა პაპიძის განცხადებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოთარ ბერძენიშვილს, რომელიც გამოძიების ვერსიით, მაგდას მეგობარი მამაკაცი იყო, „რესპუბლიკელ“ ძმებ ბერძენიშვილებთან ნათესაური კავშირი აქვს და მას სწორედ ძმები მფარველობენ.

ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად „პრაიმთაიმმა“ გამოაქვეყნა. „მეტრონომი“ აღნიშნულის შესახებ ლანა პაპიძეს დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნა, რომ ჟურნალისტს ამ ინფორმაციის გამოქვეყნების უფლება არ ჰქონდა, რადგან მან ეს პირად საუბრებში გააჟღერა და მისთვის ინტერვიუ არ მიუცია.

„მე ვთქვი ამ ჟურნალისტთან პირად საუბრებში, რომ უბანში მსგავსმა ინფორმაციამ გაიჟღერა. გავიგეთ, რომ ძმებ ბერძენიშვილებს ოთარ ბერძენიშვილთან ნათესაური კავშირი აქვთ. ახლა, ის მონასტერშია. ოთარ ბერძენიშვილის ოჯახის წევრებს უთქვამთ, რომ ოთოს ბუზს ვერ აუფრენენო. ამ ჟურნალისტს ამის გამოქვეყნების უფლება არ ჰქონდა. მე მას გარკვევით ვუთხარი, რომ ინტერვიუს არ მივცემდი და პირადი საუბრები არ გამოექვეყნებინა. ამისთვის ის აუცილებლად პასუხს აგებს“ – განუცხადა „მეტრონომს“ ლანა პაპიძემ.

შეგახსენებთ, რომ მაგდა პაპიძემ რამდენიმე კვირის წინ თავად გადაწყვიტა, რომ მისი საქმე ნაფიც მსაჯულებს განეხილათ. მსაჯულების შერჩევის ეტაპები უკვე დაწყებულია.

„მეტრონომი“ შეეცადა დაკავშირებოდა რომელიმე ძმას, თუმცა მათთან კონტაქტი ვერ მოხერხდა. ბერძენიშვილების კომენტარს ახლო მომავალში შემოგთავაზებთ.

იტვირთბა....