საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის შეიარაღებული ძალების მეთაურმა, ფაბიენ მანდონმა, დაახლოებით 35 ქვეყანასთან კონსულტაციები გამართა, სადაც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის დასრულების შემდეგ ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნის შესაძლო მისია განიხილეს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
უწყების ცნობით, ვიდეოკონფერენციაში მონაწილე ქვეყნები ყველა კონტინენტს წარმოადგენდნენ, თუმცა მათი ჩამონათვალი არ გასაჯაროებულა. შეხვედრები საწყის ეტაპს წარმოადგენდა და მიზნად ისახავდა სხვადასხვა ქვეყნის ხედვების, შეფასებებისა და შესაძლო ნაბიჯების შესახებ იდეების გაცვლას.
თავდაცვის სამინისტრო განმარტავს, რომ ინიციატივა რეგიონში მიმდინარე სამხედრო ოპერაციებისგან დამოუკიდებელია და მკაცრად თავდაცვით ხასიათს ატარებს. მისი მთავარი მიზანია ჰორმუზის სრუტეში საზღვაო გადაზიდვების აღდგენის ორგანიზება მას შემდეგ, რაც საომარი მოქმედებები დასრულდება.
ამავე დროს, საფრანგეთის სამხედრო-საზღვაო ძალების შტაბის უფროსმა, ადმირალმა ნიკოლა ვოჟურმა განაცხადა, რომ მან დამატებითი მოლაპარაკებები გამართა 12 ქვეყნის კოლეგებთან, მათ შორის გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის, იტალიის, ინდოეთისა და იაპონიის წარმომადგენლებთან.
მისივე თქმით, მხარეები აქტიურად განიხილავენ ნავიგაციის თავისუფლებასა და საზღვაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს, რადგან ზღვა გლობალური ეკონომიკისა და რეგიონული სტაბილურობის ერთ-ერთ კრიტიკულ არტერიად რჩება.

