ბალტიის ზღვაში მდებარე რუსეთის პორტ პრიმორსკიზე უპილოტო საფრენი აპარატებით მიიტანეს იერიში.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დარტყმის შედეგად დაზიანდა საწვავის რეზერვუარი და გაჩნდა ხანძარი.
პერსონალი ევაკუირებულია, მიმდინარეობს ხანძრის ლიკვიდაცია.
პორტ პრიმორსკის ნავთობტერმინალის გამტარუნარიანობა დღეში დაახლოებით ერთ მილიონ ბარელ ნავთობს და 300 ათას ბარელ დიზელის საწვავს შეადგენს.
პრიმორსკიზე ეს უკვე მეორე დარტყმაა. წინა იერიში 2025 წლის 12 სექტემბერს განხორციელდა. მაშინ დაზიანდა ნავსადგურის ნაწილი, რის გამოც ნავთობის გადაზიდვა რამდენიმე დღით შეფერხდა.
ამასთან, ლენინგრადის გუბერნატორის თქმით, ლენინგრადის ოლქზე საჰაერო შეტევა 22 მარტს, საღამოს დაიწყო. დილის 09:00 საათისთვის რეგიონში 50-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი იყო ჩამოგდებული. გატჩინის რაიონის სოფელ იზორაში დაზიანდა საცხოვრებელი სახლი. სამ ბინაში ფანჯრები ჩაიმსხვრა, დაშავებულები არ არიან. უკრაინული და რუსული ტელეგრამარხების მონაცემებით, სათვალთვალო კამერების ჩანაწერები აჩვენებს, რომ სახლს დაზიანება მიაყენა რუსულმა რაკეტამ, რომელიც დრონის ჩამოგდებისას აფეთქდა.
ინციდენტი მოხდა თავდაცვითი საწარმოს, „ვისკომის“ სიახლოვეს, რომელიც, უკრაინული მხარის ცნობით, სამხედრო საშუალებებსა და ასაფეთქებელ მოწყობილობებს აწარმოებს ძალოვანი სტრუქტურებისთვის. თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 22 მარტს ქვეყნის 12 რეგიონში, ასევე აზოვის ზღვის აკვატორიაში 249 უკრაინული დრონი გაანეიტრალეს. სანკტ-პეტერბურგის აეროპორტ პულკოვოში დროებით შეზღუდული იყო ფრენები, ათი რეისი დაგვიანდა, კიდევ შვიდი კი გაუქმდა.

