აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების მიერ რუსულ ნავთობზე სანქციების შემსუბუქება მოსკოვს დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის დამატებით შემოსავალს მოუტანს, რასაც მან „უმნიშვნელო“ უწოდა. ამის შესახებ ბესენტმა „სიბიეს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„მთავარი კითხვა ის არის, რა არის უკეთესი: მიიღებს თუ არა რუსეთი მეტ ფულს მაშინ, როცა ნავთობის ფასი 150 დოლარია და ისინი იღებენ ამ ღირებულების 70%-ს, ანუ 105 დოლარს, თუ მაშინ, როცა ფასი 100 დოლარზე ქვემოთ დარჩება? ამ შემთხვევაში ისინი ნაკლებ შემოსავალს მიიღებენ. ჩვენი ანალიზი აჩვენებს, რომ მაქსიმალური დამატებითი თანხა, რომელიც რუსეთმა შეიძლება, მიიღოს, დაახლოებით 2 მილიარდი დოლარია, რაც რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტის ერთდღიანი მოცულობის ტოლფასია“, – აღნიშნა ბესენტმა.
მისი თქმით, ნავთობზე სანქციების შემსუბუქება რეალურად ამცირებს რუსეთის შემოსავლებს, რადგან ეს ნაბიჯი მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასების სტაბილიზაციას უწყობს ხელს და, შესაბამისად, ზღუდავს მოსკოვის პოტენციურ შემოსავალს.
ბესენტის განმარტებით, რუსული ნავთობის ექსპორტის მთავარი მიმართულება კვლავ ჩინეთია, რომელიც რუსული „შავი ოქროს“ 90%-ზე მეტს ყიდულობს.
ცნობისთვის, 13 მარტს აშშ-მა გააუქმა სანქციები იმ რუსულ ნავთობზე, რომელიც ტანკერებზეა დატვირთული და ზღვაში იმყოფება. ვაშინგტონმა ეს ნაბიჯი გაამართლა ნავთობის გლობალური ფასების ზრდით, რაც გამოწვეულია აშშ-ისა და ისრაელის ომით ირანის წინააღმდეგ და ირანის მიერ სპარსეთის ყურის ქვეყნებზე განხორციელებული დარტყმებით.
აშშ-ის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქება კრიტიკის საგანი გახდა ევროპის ქვეყნების ოფიციალური პირების მხრიდან. ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება ზრდის რუსეთის რესურსს უკრაინის წინააღმდეგ ომის გასაგრძელებლად.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, თავის მხრივ აღნიშნა, რომ ამერიკული სანქციები რუსეთის ნავთობზე აღდგება მაშინვე, როგორც კი ახლო აღმოსავლეთში კრიზისი დასრულდება.

