ახალი ამბები

“მქონდა სურვილი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით ვყოფილიყავით წარმოდგენილი სამების ტაძარში – საპატრიარქოსგან იყო ამის მზაობა, სამწუხაროდ, ე.წ. სახელმწიფო კომისია წინააღმდეგი აღმოჩნდა” – თინა ბოკუჩავა

მე მქონდა სურვილი, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახელით ვყოფილიყავით წარმოდგენილი ამ უმნიშვნელოვანეს დღეს ტაძარში და მიუხედავად იმისა, რომ საპატრიარქოსგან იყო ამის მზაობა, სამწუხაროდ, ე.წ. სახელმწიფო კომისია წინააღმდეგი აღმოჩნდა, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ბოკუჩავას შეფასებით, ხელისუფლებამ, პატრიარქის დაკრძალვის დღე „საკუთარი პროპაგანდისთვის და ქულების დაწერისთვის გამოიყენა.“

„ისეთი მძიმე დღეები, როგორიც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გამოიარა ქართველმა ერმა და ყველა მართლმადიდებელმა ქრისტიანმა ჩვენს ქვეყანაში და არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, უნდა იყოს ხოლმე შანსი საზოგადოების მაქსიმალურად გაერთიანების. ჩემდა სამწუხაროდ, ივანიშვილის რეჟიმმა ეს მძიმე დღეებიც კი საკუთარი პროპაგანდისთვის და ქულების დაწერისთვის გამოიყენა. ვფიქრობ, ბევრი მართლმადიდებელი ძალიან დამძიმებული იყო იმ ფარისევლობით, რასაც ჩვენ რეჟიმის წარმომადგენლების მხრიდან ვხედავდით.

ვისურვებდი, რომ ასეთ დღეებში მაინც შესაძლებელი ყოფილიყო ერის გაერთიანება და ჩვენ ამისთვის ყველანაირი მზაობა გამოვხატეთ. მათ შორის, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოითხოვა დასწრება სამგლოვიარო ცერემონიაზე, როგორც მისი მეგობრის და მისი შვილის ნათლიის. ასევე ადამიანის, რომელთან ერთადაც როგორც საერო ხელისუფლების ლიდერი მართავდა ამ ქვეყანას 9 წლის განმავლობაში. სამწუხაროდ, მას ამის შესაძლებლობა არ მიეცა. ამის შესაძლებლობა არ მომეცა არც მე, მიუხედავად იმისა, რომ მე მქონდა ამის სურვილი, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახელით ვყოფილიყავით წარმოდგენილი ამ უმნიშვნელოვანეს დღეს ტაძარში. მიუხედავად იმისა, რომ საპატრიარქოსგან იყო ამის მზაობა, სამწუხაროდ, ე.წ. სახელმწიფო კომისია წინააღმდეგი აღმოჩნდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ რეჟიმის წევრებმა, ე.წ. ხელისუფლებამ, ეს დღე არ გამოიყენა ერის გამთლიანებისა და გაერთიანებისთვის“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

იტვირთბა....