ირანმა რაკეტაზე ესპანეთის პრემიერ-მინისტრის ფოტო მიამაგრა, – ამის შესახებ ირანული სააგენტო ავრცელებს ინფორმაციას.
მათი ცნობით, ერთ-ერთ ირანულ რაკეტაზე პედრო სანჩესის ფოტოა მიმაგრებული და თან ახლავს მადლიერების გამომხატველი ტექსტი.
„რა თქმა უნდა, ეს ომი არა მხოლოდ არალეგალურია, არამედ არაჰუმანურიც. მადლობა, ბატონო პრემიერ-მინისტრო“, – წერია რაკეტებზე ორ ენაზე, ინგლისურად და სპარსულად.
კიდევ ერთ ფოტოზე, რომელიც სააგენტო Tasnim-მა ტელეგრამში გაავრცელა, ნაჩვენებია რაკეტა, რომელზეც მიმაგრებულია ლონდონში გამართული საპროტესტო აქციის ფოტო. აღნიშნული დემონსტრაცია ირანში გოგონათა სკოლაზე განხორციელებული დარტყმის შემდეგ გაიმართა.
ცნობისთვის, მარტის დასაწყისში ესპანეთმა არ მისცა ნებართვა აშშ-ს, გამოეყენებინა ესპანური ბაზები ირანზე დარტყმებისთვის. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტი დაემუქრა ესპანეთს სავაჭრო ურთიერთობების გაწყვეტით. ამის შემდეგ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა გაავრცელა მიმართვა, სადაც განაცხადა, რომ ესპანეთი არ იქნება იმის თანამონაწილე, „რაც მშვიდობისთვის საზიანოა, თუნდაც ვინმეს შურისძიების შიშის გამო“.

