აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

“ერთ კონკრეტულ ღონისძიებაზე მიიწვიეს პირველი ლედი, ბუნებრივია, ეს აღქმული ვერ იქნება, როგორც ურთიერთობის გადატვირთვის მცდელობა” – გიგა ფარულავა

“ამ ვიზიტით განსაკუთრებული მოლოდინი, რომ სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობა გადაიტვირთება, ნამდვილად არ გვაქვს” – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიგა ფარულავამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ფაქტს, რომ თამარ ბაგრატიონი აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიწვევით ვაშინგტონში გაემგზავრა.

ფარულავას შეფასებით, ეს ვიზიტი აღქმული ვერ იქნება, როგორც ურთიერთობის გადატვირთვის მცდელობა.

„რას შეიძლება ნიშნავდეს? ერთ კონკრეტულ ღონისძიებაზე მიიწვიეს პირველი ლედი. ბუნებრივია, ეს აღქმული ვერ იქნება, როგორც ურთიერთობის გადატვირთვის მცდელობა. გვახსოვს, რომ გასულ კვირას შტატების ადმინისტრაციამ საქართველოს რიგითი მოქალაქეებისთვის ვიზების მიღება კიდევ უფრო მეტად დაამძიმა. ეს არის პასუხი „ოცნების“ არაკომპეტენტური და მავნებლურ პოლიტიკის შედეგებზე, რასაც ბოლო წლებია ვხედავთ. შესაბამისად, ამ ვიზიტით განსაკუთრებული მოლოდინი, რომ სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობა გადაიტვირთება ნამდვილად არ გვაქვს“, – განაცხადა გიგა ფარულავამ.

ცნობისთვის, თამარ ბაგრატიონი მონაწილეობას მიიღებს მელანია ტრამპის ინიციატივით ორგანიზებულ გლობალურ სამიტში – „ერთად უკეთესი მომავლისთვის“, რომლის მიზანია ბავშვების განათლების, განვითარებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობისათვის მოწინავე ტექნოლოგიების უსაფრთხო და ინოვაციური გამოყენების უზრუნველყოფა.

სამიტის ფარგლებში მელანია ტრამპი პრეზიდენტების მეუღლეებს თეთრ სახლში მრგვალი მაგიდის ფორმატში უმასპინძლებს.

იტვირთბა....