თვით პატრიარქის სურვილი იქნებოდა, რომ საქართველოს ყველა პრეზიდენტი ყოფილიყო იქ, ესეც იქნებოდა ერთობის ნიშანი, ამ ყველა პოლიტიკური დაპირისპირებების მიღმა, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ვიდეომიმართვაში აცხადებს.
როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, ეს განსაკუთრებით შეესაბამებოდა საქართველოს პატრიარქის სურვილს და მის მთავარ გზავნილს – ერთობას, მშვიდობასა და ურთიერთპატივისცემას.
„ყველანი ვალდებულები ვართ, რომ კვირას ვიყოთ ერთად, არ ვიცი ვის შეგვესვლება. ალბათ, თვით პატრიარქის სურვილი იქნებოდა, რომ საქართველოს ყველა პრეზიდენტი ყოფილიყო იქ, ესეც იქნებოდა ერთობის ნიშანი, ამ ყველა პოლიტიკური დაპირისპირებების მიღმა და ეს იყო მისი მთავარი დამახასიათებელი, რასაც უნდა გავუწიოთ ანგარიში. სადაც არ უნდა ვიყოთ, რა მნიშვნელობა აქვს ვის ექნება საშვი და ვის არა, კვირას ჩვენ ყველანი ერთნი უნდა ვიყოთ, რადგან ეს იქნება ყველაზე დიდი ნიშანი იმის, რომ ჩვენ მას პატივს ვცემდით და გავიგეთ, რისთვის იყო მოსული ჩვენ შორის და რა იყო მისი მთავარი მიზანი.
ასევე ყველა ნაბიჯი, რაც შეიძლება იყოს იმ დღეს გადადგმული, უნდა იყოს მიძღვნილი ერთობის, მშვიდობის და ერთმანეთის სიყვარულისკენ. ეს იქნება შეწყალება იმ ადამიანების, რომლებიც სრულიად უსამართლოდ სხედან ციხეში, ეს პატრიარქმა ძალიან კარგად იცოდა, შეიძლება ვეღარ ამბობდა, მაგრამ ძალიან კარგად იცოდა. ამ დღისთვის მისი სურვილი ალბათ ასეთი იქნებოდა, რომ არავინ დარჩენილიყო, ვისაც არ ექნებოდა საშუალება, მისთვის პატივი მიეგო, მოსულიყო სამებაში. ყველანი ვართ მისი შვილები და ამისთვის ვართ მადლიერები“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

