ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) პარასკევს განაცხადეს, რომ მათ თეირანის აღმოსავლეთით, ნურის რაიონში ირანის სამიზნეებზე დარტყმები დაიწყეს.
ირანის, ჰორმოზგანის პროვინციის, ბანდარ ლენგეს გუბერნატორმა განაცხადა, რომ ქალაქის პორტზე აშშ-სა და ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმების შემდეგ 16 სამოქალაქო და კომერციულ გემს ცეცხლი გაუჩნდა.
ამასთან, ირანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისლამურმა რესპუბლიკამ სამხრეთ და ცენტრალურ ისრაელზე სარაკეტო იერიში მიიტანა. მედიის ინფორმაციით, პარასკევს, ამ ტერიტორიაზე საჰაერო იერიშის გამაფრთხილებელი სირენების ხმა ისმოდა.
როგორც CNN-ი წერს, საჰაერო დარტყმების გაცვლა ნოვრუზის, ანუ სპარსული ახალი წლის დროს ხდება, რომელიც, როგორც წესი, ოჯახური შეკრებების, განახლების და ახალი დასაწყისის დაპირების დროა. თუმცა, წელს ის ომითა და კონფლიქტით ხასიათდება.

